„დინამო თბილისის“ 17 წლის თავდამსხმელის, ვახტანგ სალიას „ნიუკასლში“ გადასვლასთან დაკავშირებით სააგენტო „როიტერმა“ წერილი გამოაქვეყნა.
ინგლისურმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელი ოფიციალურად გასული წლის ოქტომბერში შეიძინა და იჯარის წესით „დინამო თბილისში“ დატოვა. ის „ნიუკასლს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.
„ნიუკასლში“ გადასვლით სალიას ოცნება ახდება
„ვახტანგ სალია მხოლოდ 17 წლისაა, მაგრამ მალე ინგლისში გადავა და „დინამო თბილისს“ აგვისტოში „ნიუკასლით“ ჩაანაცვლებს.
ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშისთვის, რომელმაც თამაში ოთხი წლის ასაკში დაიწყო და „დინამოში“ საქართველოს უმაღლეს დივიზიონში სადებიუტო თამაში სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩაატარა, პრემიერლიგის კლუბში გადასვლა რეალობად ქცეული ოცნებაა.
„ეს ყველაფერი დღემდე არ მჯერა, ჩემი ოცნება იქ თამაშია“, – ამბობს სალია.
ვახტანგი ქართული ფეხბურთის ახალი თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნიჭიერმა ქართველმა მოთამაშეებმა საქართველო მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე გამოაჩინეს.
სალიამ „როიტერს“ განუცხადა, რომ მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტად აფასებს ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძეს, რომლებმაც საქართველოს ნაკრების პირველ დიდ ტურნირზე, ევრო 2024-ზე გაიბრწყინეს. ტურნირის ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდმა, კვარაცხელიასა და მიქაუტაძის გოლების წყალობით, ჯგუფურ ეტაპზე 2:0 მოუგო პორტუგალიას, სადაც სალიასთვის კიდევ ერთი მისაბაძი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდა.
ფეხბურთელი ასევე იმედოვნებს, რომ ერთ დღეს საქართველოს ნაკრებში ითამაშებს: „ყველა ქართველი ოცნებობს, საქართველომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშოს. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ეროვნულ ნაკრებში ვითამაშებ“.
„დინამო თბილისის“ მთავარის მწვრთნელის, ლადო კაკაშვილის განცხადებით, სალიას აქვს ყველა თვისება, გახდეს ისეთივე კარგი ფეხბურთელი, როგორც მისი წარმატებული თანამემამულეები არიან: „რა თქმა უნდა, ინგლისური ფეხბურთი დღეს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, სადაც ტემპი და ფიზიკური სტანდარტები ძალიან მაღალია. ვახოს შეგუებისთვის გარკვეული პერიოდი დასჭირდება.
„დინამოში“ სათამაშო პრატქიკა სალიას აძლევს კარგ შესაძლებლობებს, ინგლისში თავი დაიმკვიდროს. როდესაც ფეხბურთელი პატარა ასაკში ხვდება პირველ გუნდში, ეს ნიშნავს, რომ ის ნამდვილად ნიჭიერია, მუშაობს საკუთარ თავზე და უმაღლესი დონის პროფესიონალია. ვფიქრობ, თავისი ნიჭით, ძლიერი სამუშაო ეთიკითა და ერთგულებით მას შეუძლია, ნებისმიერ დონეზე ითამაშოს““, – წერს „როიტერი“.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings