საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე პირველი ქულები დაკარგა. ორი მოგების შემდეგ გასვლითი შეხვედრა უკრაინასთან თანაბარ თამაშში დავთმეთ (0:1). მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
ვილი სანიოლი:
„საწყისი ნახევარი საათი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. აგრესიულობის და ინტენსივობის გარეშე ვითამაშეთ. უკრაინა უფრო აგრესიული იყო და დამსახურებულად დაწინაურდა. თუმცა, საერთო ჯამში გოლის გატანის მეტი შესაძლებლობა გვქონდა და სწორედ ამიტომაა ეს მარცხი უფრო მეტად გულდასაწყვეტი. თუმცა, როდესაც თამაშს იწყებ ისე, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ, მარცხი გასაკვირი არ არის. წარმატებული პერიოდის შემდეგ, ეს წაგება გამოსაფხიზლებლად უნდა გამოვიყენოთ. ფეხბურთში იოლი მატჩები არ არსებობს და თუ მაღალ დონეზე გსურს გააგრძელო თამაში, თითოეულ მატჩს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას უნდა შეხვდე.
ვრჩებით გუნდად, რომელსაც სურს განვითარდეს და გახდეს უკეთესი. ზოგჯერ, ამისთვის სირთულეების გადალახვაა საჭირო და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ასეთი იყო. თამაშის ორი მესამედი ბურთს ვფლობდით, უკეთესი გუნდი ვიყავით და ცუდი სტარტის შემდეგ პოზიტიური რეაქცია გამოვავლინეთ. თუმცა, ჩეხეთთან შეხვედრაშიც საწყისი 15 წუთი იყო ცუდი და ამის მიზეზი უნდა დავადგინოთ.
დღევანდელ შეხვედრაში ფეხბურთელები გაშვებული გოლის შემდეგ გამოფხიზლდნენ. ამ მატჩმა გვაჩვენა, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. გვსურს, რომ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი გავხდეთ და გავუმჯობესდეთ. საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდის წარმატება საოცარმა გუნდურმა სულისკვეთებამ მოიტანა, რაც დღევანდელი მატჩის პირველ ნახევარში დაგვაკლდა”.
GIPHY App Key not set. Please check settings