სულ ცოტაც და, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაიწყებს. 4 სექტემბერს, უდიდესი მნიშვნელობის მატჩში, თურქეთის უპირველეს გუნდს ვუმასპინძლებთ, რომელიც მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი უმთავრესი კონკურენტი იქნება.
თურქული ფეხბურთის ექსპერტობაზე როცა მიდგება საქმე, საქართველოში არჩილ არველაძეზე უკეთეს რესპონდენტს ძნელად თუ იპოვი კაცი. მას დღესაც დიდი სახელი აქვს თურქეთში და იქაურ საფეხბურთო ტენდენციებსაც შესანიშნავად იცნობს. “ლელო” არჩილ არველაძეს მოახლოვებული მატჩის თაობაზე ესაუბრა…
მოდით, სანამ კონკრეტულად თურქეთის ნაკრებთან კარსმომდგარ მატჩზე ვისაუბრებდეთ, ზოგადად ჩვენს შესარჩევ ჯგუფზე ვთქვათ…
რთული ჯგუფია. ფეხბურთში დიდი განსწავლულობა არ სჭირდება იმას, რომ დავასახელოთ გამოკვეთილი ლიდერი – ესპანეთის ნაკრები. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებისთვის უფრო რთული ბულგარეთთან მატჩები იქნება, ვიდრე ბულგარეთთან.
ჩემი აზრით, თუ მეორე ადგილზე გასვლის რეალური პრეტენზია გვაქვს, თურქეთის ნაკრებთან არცერთი მატჩი არ უნდა წავაგოთ. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის ნაკრებმა საგრძნობი პროგრესი განიცადა და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, რომელშიც შერწყმულია გამოცდილება და ახალგაზრდული ენერგია. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ, რომ, როგორც მინიმუმ, თბილისში არ წავაგოთ.
გუნდების ამჟამინდელ სათამაშო კონდიციებზე რას იტყოდით?
მიმაჩნია, რომ ამ დროისთვის თურქები სულ ოდნავ არიან წინ ამ კომპონენტში და ამას თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს. ეს მიზეზი კი ის არის, რომ მათმა წამყვანმა კლუბებმა უკვე დაიწყეს სრული დატვირთვით თამაში ევროთასებზე. აგერ, “ფენერბაჰჩეს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესასვლელად მოუწია ორი ურთულესი მატჩის ჩატარებამ…
ერთი სიტყვით, მათ ცოტათი ადრე დაიწყეს ახალი სეზონისთვის მზადება. ცუდია, გიორგი ჩაკვეტაძე რომ არ გვეყოლება. ხვიჩა კვარაცხელიამ კი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამო, ცოტა ხნის წინ დაიწყო ახალი სეზონისთვის მზადება… და ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც მჯერა, რომ თბილისში ვერ გვაჯობებენ. შანსებს 50/50 შევაფასებდი. ძალიან რთული თამაში იქნება. რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ და მნიშვნელოვანია, ვინ გაიტანს პირველ გოლს. ალბათ, ცოტა მეტხანს ბურთი თურქებს ექნებათ და ეცდებიან მის გაკონტროლებას.
ასეთ ვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ ვითამაშებთ კონტრშეტევებზე. გვაქვს რესურსი, რომ ეს მომენტი საჩვენოდ გამოვიყენოთ. გააჩნია იმასაც, თუ რა სქემით ითამაშებს საქართველოს ნაკრები. თუ ხუთმცველიან სქემას ავირჩევთ, ჩვენი ფლანგის მცველები შეტევაში თამამად კი მიდიან, მაგრამ ეს მაინც შედარებით დაცვითი სქემაა. მაიმედებს ის, რომ საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელს აქვს უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა.
…და მაინც, აქ არის გამონაკლისები, რადგან პრაქტიკა აკლია ლაშა დვალს, გიორგი მამარდაშვილს, გიორგი ქოჩორაშვილს… ვისურვებდით ხვიჩა კვარაცხელიას უკეთეს ფორმაში ყოფნასაც…
ქოჩორაშვილით დავიწყებ. ისეთი ფეხბურთელია, რომ გამორიცხულია, მოკლეხნიანმა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობამ ამოაგდოს ფორმიდან. ვნახეთ კიდეც, რომ “სპორტინგში” კარგად გამოიყურება. იმავეს ვიტყვი გიორგი მამარდაშვილზე.
გასაგებია, რომ ამ დროისათვის “ლივერპულის” პირველი მეკარე ალისონია, მაგრამ მამარდაშვილი კარგ ფორმაშია. მან მაღალი დონის ამხანაგური თამაშები ჩაატარა სეზონის დაწყების წინ და იმ შეხვედრებში მშვენივრად გამოიყურებოდა. ხვიჩას კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან გვჭირდება. საქართველოს ნაკრებში მასზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. ის ნამდვილი პროფესიონალია და მჯერა, მაღალ დონეზე ჩაატარებს ასეთი მნიშვნელობის მატჩს.
დაგვაკლდება გიორგი ჩაკვეტაძეც. როგორ წარმოგიდგენიათ მისი შეცვლა?
ცხადია, გიორგი დიდი ძალაა საქართველოს ნაკრებისთვის. მარტივად რომ შევხედოთ, აგერ არის ზურიკო დავითაშვილი, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. გოლი გოლზე გააქვს საფრანგეთის ლიგა 2-ში, ეს კი ძალიან რთული ლიგაა. თუ ისე შევხედავთ, რომ ჩაკვეტაძე ბოლო დროს თამაშობს “რვა ნომრის” პოზიციაზე ნაკრებში და ზურიკო უფრო წინ, ზედმეტად შემტევი შემადგენლობა რომ არ გამოგვივიდეს, მაშინ შესაძლოა რომელიმე სხვა ნახევარმცველი ვიხილოთ ძირითად შემადგენლობაში. ეს უკვე სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია.
თქვენ ბევრი მეგობარი გყავთ თურქულ საფეხბურთო წრეებში. საინტერესოა, რას ფიქრობენ ისინი საქართველოსთან კარსმომდგარ მატჩზე?
თურქებს დიდი იმედი აქვთ, რომ მოგვიგებენ. დავუშვათ, ჯგუფის სირთულიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებისთვის არ იქნება ტრაგედია, იბრძოლოს ბოლომდე მეორე ადგილისთვის და დაიკავოს მესამე ადგილი, თურქებისთვის კი ეს ნამდვილი ტრაგედია იქნება.
მათ ერთადერთი მიზანი აქვთ – გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. სხვა რამეს არც განიხილავენ. ნაკრების დღევანდელი შემადგენლობიდან გამომდინარე, თამასა ძალიან მაღლა აქვთ აწეული და ეს ბუნებრივიცაა. ის კი არა, შეიძლება ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ გულის სიღრმეში იმის იმედიც აქვთ, რომ ესპანეთის ნაკრებს გაუწევენ კონკურენციას.
თანაც, ისინი ალბათ იმასაც ითვალისწინებენ, რომ ისტორიულად მაინცდამაინც კარგად არ გამოგვდის მათთან თამაში. თუ არ ვცდები, ერთხელ მოვუგეთ, ერთხელ ფრედ ვითამაშეთ, დანარჩენ შემთხვევებში კი დავმარცხდით. მეორე მხრივ, საქართველოს ნაკრების ავტორიტეტი თურქეთში ძალიან გაზრდილია. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ჩვენმა გუნდმა ბოლო დროს დიდ პროგრესს მიაღწია. მოკლედ, ჩვენს მეტოქეს თბილისში უთუოდ ექნება წნეხი და ამის საჩვენოდ გამოყენება შეიძლება.
ცალკე უნდა გკითხოთ თურქეთის ნაკრების ახალ თაობაზე – კენან ილდიზზე, არდა გიულერზე…
ჩემი თქმა რაღად უნდა, ძალიან მაგარი ბიჭები არიან! სულ რომ არ გქონდეს მათი თამაში ნანახი, ამ ფეხბურთელებში “რეალისა” და “იუვენტუსის” მიერ გადახდილ თანხებს შევხედოთ და ყველაფერი ცხადი ხდება. ილდიზი როგორც თამაშობს “იუვენტუსში”, ყველა ვხედავთ.
გიულერს რაც შეეხება, ის ძალიან პატარა ასაკში წავიდა “რეალში”. აქამდე არ ეძლეოდა საკმარისი სათამაშო დრო, მაგრამ არ გაანათხოვრა კლუბმა, ესე იგი სჭირდებოდა. ჩაბი ალონსო რაც მივიდა მთავარ მწვრთნელად, უკვე შეცვლილია მოცემულობა და ვხედავთ, რომ გიულერი თამაშობს.
თუმცა თურქეთის ნაკრები არ არის მარტო ეს ორი ფეხბურთელი. წამყვანი თურქული კლუბების შესანიშნავი მოთამაშეებიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი სიძლიერე შემადგენლობის სიღრმეა.
ბოლოს ბულგარეთის ნაკრებზეც ვთქვათ, რომელსაც თურქების მერე ვეთამაშებით…
ჩემი აზრით, ბულგარეთთან შედარებით იოლი თამაში გვექნება, თან გვექნება იმის შესაძლებლობაც, რომ გახსნილი ფეხბურთი ვითამაშოთ. ორი აზრი არ არის, ძალების მაქსიმალური მობილიზებას გვმართებს.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings