ძალიან დასანანი თამაში წააგო საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე. ფრანგებმა შეხვედრა ბოლოს მოგვიტრიალეს – 3:2.
ასეთი დრამატული, დაძაბული, თავდადებული, საინტერესო თამაში ხშირად არ ხდება ხოლმე და ჩვენს ბიჭებს მადლობა კი ეკუთვნით, მაგრამ თან გულიც გწყდება.
84-ე წუთზე დავწინაურდით და მოგებამდე და ჯგუფიდან გასვლამდე წუთებიღა რჩებოდა. ამ მოკლე (თუ არც თუ მოკლე) დროში კი სამი გოლი გავუშვით. ამ სამიდან ერთი VAR-მა დიდი ხნის ფიქრის მერე არ ჩათვალა, მილიმეტრებში დაფიქსირდა თამაშგარე. კი მართალია, იყო დაღლა, ემოციები, ნერვები, ბოლოს საზონოვიც გავიდა თამაშიდან და კაცნაკლულად დავრჩით, მაგრამ მაინც არ შეიძლება მატჩის მიწურულს სამი გოლის გაშვება.
პირველი ტაიმი საფრანგეთმა მატის ტელის პენალტით მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 76-ე წუთზე გაათანაბრა. ვასილიოს გორდეზიანის პასით გოლი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა. 84-ე წუთზე საქართველოს ნაკრები საბა საზონოვის გოლით დაწინაურდა, რასაც ფრანგებმა 5 წუთში ჟოან ლეპენანის ზუსტი დარტყმით უპასუხეს. მეტოქემ გამარჯვება მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-12 წუთზე ტიერნო ბარის გოლით მოიპოვა.

U21. ევრო 2025. C ჯგუფი. II ტური
საფრანგეთი – საქართველო 3:2
14.06. ჟილინა. “ჟილინა შტადიონი”. 4 127 მაყურებელი
გოლები: 1:0 ტელი (35-პენ), 1:1 აბუაშვილი (76. გორდეზიანის პასით), 1:2 საზონოვი (84. აბუაშვილის პასით), 2:2 ლეპენანი (89. აგუმეს პასით), 3:2 ბერი (90+12. ლუკებას პასით)
საფრანგეთი: რესტესი – სილდილია, მაციმა, ლუკება, მერლენი – დუკური (90. ეჯუმა), ლეპენანი, აგუმე (90. სისე) – ოდობერი (73. ბერი), ლემარეშალი (61. ჩაუნა), ტელი (73. აბლინი)
საქართველო: ხარატიშვილი – მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, აზაროვი – გ. მამაგეიშვილი (55. აბუაშვილი), ლომინაძე, გაგნიძე (55. ო. მამაგეიშვილი) – ოდიშარია (66. გორდეზიანი), ეგოიანი (66. სიგუა), კვერნაძე (90+1)
გაფრთხილება: ლეპენანი (13), საზონოვი (34), ლომინაძე (43)

ჯგუფის მეორე შეხვედრაში პორტუგალიამ პოლონეთს 5:0 სძლია. ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ჩვენი მეტოქე პორტუგალია იქნება. მატჩი 17 ივნისს, ტრენჩინში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings