ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური წყვილის პირველ მატჩში დორტმუნდის „ბორუსიამ“ შეძლო საკუთარ მოედანზე პსჟ-ს დამარცხება – 1:0.
პირველი ნახევარი მასპინძლების იყო და ერთი-ორჯერ სახიფათოდ უკბინეს მეტოქეს. გოლიც პირველ ტაიმში გაიტანეს, როდესაც საჯარიმოში შეჭრილმა ფიულკრუგმა მარჯვენა ფეხიდან მარცხენაზე დაიგდო ბურთი და დონარუმას ახლო კუთხეში გაუტანა.
შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, ერთი შეტევისას ორჯერ გაარტყეს ბურთი ძელს. მომენტი „ბორუსიასაც“ ჰქონდა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა და ყველაფერი “პარკ დე პრენსზე” გადაწყდება.
საპასუხო შეხვედრა პარიზშია 7 მაისს.
ბორუსია დორტმუნდი – პსჟ 1:0
გოლი: 1:0 ფიულკრუგი (36. შლოტერბეკის პასით)
დორტმუნდი: კობელი – რიერსონი (87. ვოლფი), ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი – ემრე ჯანი, ზაბიტცერი – ადეიემი (83. როისი), ბრანდტი (87. ნმეჩა), სანჩო – ფიულკრუგი (90+1. მუკოკო)
პსჟ: დონარუმა – ჰაკიმი, მარკინიოსი, ლ. ერნანდესი (42. ბერალდო), ნუნუ მენდეში – ზაირ-ემერი, ვიტინია, ფაბიან რუისი – დემბელე, ბარკოლა (65. კოლო მუანი), მბაპე
31 წლის ფიულკრუგმა „დორტმუნდში“ სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 16 გოლი გაიტანა.
ჯეიდონ სანჩომ (“დორტმუნდი”) 7 დრიბლინგი შეასრულა პირველ ტაიმში – უფრო მეტი, ვიდრე “მანჩესტერში” ყოფნისას ერთ რომელიმე მატჩში, და ყველაზე მეტი – ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეგიდით ჯონ სტოუნზის (“სიტი”-“ინტერის” შარშანდელი ფინალი) შემდეგ.
“დორტმუნდმა” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 5-ჯერ შეინახა კარი “მშრალად” – უფრო მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა გუნდმა.
ნიკლას ფიულკრუგი “დორტმუნდის” მესამე ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ სეზონში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ანალოგიური მიღწევა ჰქონდათ შტეფან შაპუიზას (1996/97 – 3/3), ხოლო უკეთესი – ტომაშ როსიცკის (2002/03 – 3/4).
ამ სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, პირველად მოხდა, რომ “პარი სენ-ჟერმენი” წააგო მატჩი გატანილი გოლის გარეშე.
პსჟ-ს ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ (10) მოარტყეს ბურთი ძელს. ბოლო 20 წელიწადში ეს უფრო მეტჯერ მხოლოდ “ბარსელონამ” გააკეთა – 11 (2011/12).
GIPHY App Key not set. Please check settings