ევრობასკეტის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ (80:70) კომენტარი გააკეთეს საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა.
ალექსანდრ ჯიკიჩი:
„მადლობა საფრანგეთს ასეთი მაღალი დონის თამაშისთვის. როცა ვუყურებ იმ შემადგენლობას, რომელსაც ვძლიეთ, ნათლად ჩანს, რაოდენ ძლიერი გუნდია. მინდა აღვნიშნო, რომ პირველივე წუთიდან მზად ვიყავით მსგავსი ტიპის შეხვედრისთვის და საბოლოოდ გამარჯვებაც მოვიპოვეთ.
დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ყველა მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს და იმ გულშემატკივრებსაც, რომლებიც საქართველოდან ჩამოვიდნენ. განსაკუთრებით უნდა გამოვყო სამედიცინო პერსონალი, რომელთა დამსახურებაა, რომ დღეს სრულფასოვანი, 12-კაციანი შემადგენლობა გვყავს. მოკლედ რომ ვთქვა, ისევ აქ ვართ. ბევრს ეგონა, რომ პლეი ოფში შემთხვევით მოვხვდით, კარგი, იფიქრონ ასე“.
გიორგი შერმადინი:
„სასწაული. ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას. პირველად ისტორიაში, საფრანგეთის ნაკრები დავამარცხეთ. შესანიშნავი მატჩი გამოვიდა, მწვრთნელების დავალებები შევასრულეთ.
ახლა ფინეთს ვხვდებით, ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მათთან ბევრჯერ გვითამაშია. ერთი მატჩია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
დუდა სანაძე:
„ყველამ რაღაც შევმატეთ გუნდს, ერთი კალათბურთელით ამ თამაშს ვერ მოვიგებდით. საფრანგეთის ნაკრები ძალიან ძლიერი ნაკრებია, ძლიერი ათლეტები ჰყავს. მათ სწრაფ თამაშს ფიზიკური და ნელი თამაში დავუპირისპირეთ, ამან გაჭრა. ისინი სამქულიანებს ვერ აგდებდნენ, რადგან ფიზიკური მატჩის დროს ამის გაკეთება რთულია.
ბიჭებმა სასწაული შეძლეს, როგორც 12-მა კალათბურთელმა, ასევე – სტაფმა. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. ეს გამარჯვება საქართველოსთვის იყო“.
სანდრო მამუკელაშვილი:
„დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოვიდოდით და ვიბრძოლებდით. ყველამ ძალიან კარგად ითამაშა – ბოლდუინმა, ბითაძემ. ბურჯანაძე კარგად შემოვიდა, ასევე ოჩხიკიძე. მათ თავიანთი გასაკეთებელი გააკეთეს. ასე როცა ვთამაშობთ, მუდამ ვიგებთ.
გახარებული ვარ და წინ დიდი მატჩი გველოდება და შემართებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა მამუკელაშვილმა.
თორნიკე შენგელია:
„სასწაული მატჩი იყო, მით უმეტეს საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ერთ-ერთ ძლიერ ნაკრებად ითვლება. შეხვედრამდე თითქოს ის განცდა გვქონდა, რომ მთავარი მიზანი უკვე მიღწეული იყო – პლეი ოფში გასვლა, მაგრამ უშუალოდ მატჩის წინ გუნდში ერთმანეთს ვესაუბრეთ და მწვრთნელმაც შეგვახსენა, რომ გამარჯვებისთვის უნდა გვეთამაშა.
ბედნიერები ვართ, რადგან პირველიდან ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ და გამარჯვების იმედი არცერთ წამს არ დაგვიკარგავს. შესვენების შემდეგ ვიცოდით, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია იყო საჭირო, რადგან საფრანგეთი ბოლომდე იბრძოლებდა. მადლობა ღმერთს, რომ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუძელით.
ამაყი ვარ ჩემი გუნდის თითოეული მოთამაშით, ყველას მადლობა მინდა გადავუხადო – მათ შორის სათადარიგოთა სკამზე მყოფებსაც, რომელთა ემოცია და მხარდაჭერა იგრძნობოდა. სწორედ ამიტომ ხშირად ვიღებთ ტექნიკურ ჯარიმებსაც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ გვიხარია ერთმანეთის წარმატება.
დღეს ბურთი კარგად მოძრაობდა, დაცვაში მყარად ვიდექით, გოგა შესანიშნავი იყო, უკანა ხაზი საიმედოდ გამოიყურებოდა და პირადად ჩემთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გამოვიდა. ვიცი, ამ ტურნირზე არასტაბილური მატჩები მქონდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდა“.
საქართველოს ნაკრები პირველად ითამაშებს ევრობასკეტის მეოთხედფინალში, სადაც ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 10 სექტემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings