საფეხბურთო კლუბ “იბერია 1999-ის” კიდევ ერთი წარმატებული ტრანსფერი – იური ტაბატაძე კარიერას ესპანურ ,,კადისში“ აგრძელებს.
ახალ გუნდში ტაბატაძემ უკვე ჩაატარა სადებიუტო შეხვედრა, სადაც პირველი გოლიც მიითვალა. სწორედ ამ წარმატებულ დასაწყისზე, ახალ გამოწვევებსა და მომავალ გეგმებზე იური ტაბატაძე თბილისურ გუნდს ესაუბრა.
ტაბატ, პირველ რიგში გილოცავთ დებიუტს, რომელსაც ნამდვილად შეგვიძლია წარმატებული ვუწოდოთ, რადგან 86-ე წუთზე ჩაერთე კადისი – ალბასეტეს თამაშში და 92-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანე. რომ მოგვიყვე, როგორ მიდის ახალ გარემოში, ახალ გუნდთან ადაპტაცია?
მადლობა, პირველ რიგში, მოლოცვისთვის. ახალ გუნდში ადაპტაცია ძალიან მარტივად გავიარე, რადგან ყველა: ფეხბურთელები, სტაფი, ხელმძღვანელობა – ძალიან თბილად დამხვდა, რამაც, რა თქმა უნდა, გამიმარტივა ახალ გარემოსთან შეგუების პროცესი. აქ ხალხსაც ძალიან უყვარს ფეხბურთი და გულშემატკივრებიც ძალიან თბილად დამხვდნენ, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.
პირველი იბერიელი არ ყოფილხარ ,,კადისში“, რადგან მანამდე, 2021-2022 წლებში, გიორგი ჯინჯოლავაც თამაშობდა. თუ მოგცა გარკვეული რჩევები ჯინჯიმ?
დიახ, ჯინჯოლავა 1 წლის განმავლობაში თამაშობდა ,,კადისში“, მაგრამ ჯინჯი მე რჩევებს არ მაძლევს, ძირითადად მებუზღუნება, ამიტომ რჩევა აღარ მიკითხავს. (იღიმის)
ნამდვილად კარგ ფორმაში დატოვე ,,ეროვნული ლიგა“, რადგან წლევანდელ სეზონში ჩატარებულ 20 თამაშში 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალე. რა იყო შენი მთავარი მიზანი, რის გამოც, გადაწყვიტე ესპანურ ,,ლა ლიგა 2-ში“ გაგეგრძელებინა კარიერა?
დიახ, ნამდვილად კარგად მიდიოდა ყველაფერი ეროვნულ ლიგაში, როგორც ,,იბერიასთვის“, ასევე ჩემთვისაც. თავიდანვე ჩვენი გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა, მეც მქონდა ჩემი პირადი მიზანი, რომ 2025 წლის სეზონის ბომბარდირი გავმხდარიყავი და მიმეღო საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. თუმცა, როდესაც ,,კადისისგან“ მივიღეთ შეთავაზება, არც კი დავფიქრებულვარ, რადგან ესპანეთში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მითუმეტეს ასეთ ისტორიულ გუნდში.
მხოლოდ ჩემი სურვილი, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იყო, ამიტომ, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ,,იბერიას“ პრეზიდენტს ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს და ვიცე-პრეზიდენტს, დავით ხეჩიკაშვილს, რადგან გაითვალისწინეს ჩემი სურვილი და დამეხმარნენ, რომ ეს ტრანსფერი წარმატებით დასრულებულიყო.
ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ესპანურ ,,ლა ლიგა 2- ში“ მიღებული გამოცდილება, ჩემი აზრით, დამეხმარება სამომავლოდ კიდევ უფრო წარმატებული საფეხბურთო კარიერის შექმნაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთი ნაბიჯით მივუახლოვდები ჩემს ოცნებას, რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია.
რადგან შენს კარიერაზე ვსაუბრობთ, რომ გაიხსენო, როდის და სად დაიწყე ფეხბურთის თამაში…
საფეხბურთო კარიერა დავიწყე 7 წლის ასაკში, თუმცა, 12 წლის ასაკში, როდესაც მოვხვდი ,,იბერიას“ აკადემიაში – უკვე გააზრებულად ავირჩიე ფეხბურთი ჩემს სამომავლო პროფესიად. ,,იბერია“ – ჩემი სახლია, კაცადაც და ფეხბურთელადაც ამ გუნდში ჩამოვყალიბდი და მეამაყება, რომ მთელი ჩემი საფეხბურთო კარიერა მხოლოდ ამ კლუბს უკავშირდება.
ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გადევნებს თვალს , რომლისთვისაც შენი რჩევები მნიშვნელოვანია, რას ურჩევდი მომავალ თაობას, განსაკუთრებით პატარა ,,იბერიელებს“?
პატარა ფეხბურთელებს ვურჩევდი რომ, რაც შეიძლება ბევრი იშრომონ. შეცდომები ყოველთვის საკუთარ თავში ეძებონ და ეცადონ საკუთარი შეცდომების გამოსწორებას. ძალიან მნიშვნელოვანია რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენონ. წარმატებებს ვუსურვებ ყველა მომავალ ფეხბურთელს!

GIPHY App Key not set. Please check settings