in

ესპანეთი ფინალშია: პელეზე უკეთესი და ჩაგდებული ოცნება

ევროპას პირველი ფინალისტი ჰყავს: ესპანეთის ნაკრები, რომელიც სრულიად დამსახურებულად მოვიდა გადამწყვეტ მატჩამდე. ეს ის იშვიათი ფავორიტია, რომელმაც კარგი თამაში აჩვენა, გოლებიც გაიტანა და თამაშებიც მოიგო.
საფრანგეთი, რომელმაც აქამდე მოსალოდნელზე ბევრად დაბალ დონეზე ითამაშა, ხეირიანად დაიწყო და ანგარიში მალევე გახსნა, მაგრამ ესპანეთმა ასევე სხარტად უპასუხა და არა თუ გაათანაბრა, წინაც გავიდა.
ბოლოსკენ, როდესაც საფრანგეთს შტურმი მართებდა და მოედანზე უამრავი შემტევი ჰყავდა, ესპანეთმა ბურთი დაუმალა მეტოქეს… და ბერლინისკენ აიღო გეზი.

ევრო 2024. 1/2 ფინალი

ესპანეთი – საფრანგეთი 2:1
9 ივლისი. მიუნხენი. “მიუნხენ ფუტბოლ არენა”. 62 042 მაყურებელი
გოლები: 0:1 კოლო მუანი (9. მბაპეს პასით), 1:1 იამალი (21), 2:1 ოლმო (25)

ესპანეთი: სიმონი, ნავასი (58. ვივიანი), ნაჩო ფერნანდესი, ლაპორტი, კუკურელია, როდრი, ფაბიან რუისი, იამალი (90+4. ფერან ტორესი), ოლმო (76. მერინო), უილიამსი (90+4. სუბიმენდი), მორატა (76. ოიარსაბალი)
მწვრთნელი: ლუის და ლა ფუენტე

საფრანგეთი: მენიანი, კუნდე, უპამეკანო, სალიბა, ტ. ერნანდესი, კანტე (62. გრიზმანი), ჩუამენი, რაბიო (60. კამავინგა), დემბელე (79. ჟირუ), მბაპე, კოლო მუანი (62. ბარკოლა)
მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გაფრთხილება: ნავასი (14), ჩუამენი (60), კამავინგა (89), იამალი (90+1)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ლამინ იამალი.

16 წლის და 362 დღის ლამინ იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა. მან გააუმჯობესა პელეს (17 წლის და 244 დღის) რეკორდი, რომელიც დამყარდა 1958 წელს, ასევე საფრანგეთთან მატჩში.

ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც დიდ ტურნირზე (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი) გოლი აქვს გატანილი.

საინტერესოა, რომ ესპანეთის ნაკრებში იამალის მამაზე (34 წლის) უფროსი ორი ფეხბურთელი იყო – ხესუს ნავასი და ნაჩო.

ესპანეთი ნაკრები პირველად გავიდა დიდი ტურნირის ფინალში ევრო 2012-ის შემდეგ და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატში (ერთ ტურნირზე) 6 მატჩი მოიგო.

ესპანეთის ნაკრებმა, ყველა ტურნირის ჩათვლით, მოიგო ბოლო 8 მატჩი, რაც მისი საუკეთესო სერიაა 2010 წლის ივნისის (12 მოგება ვისენტე დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით) შემდეგ.

დანი ოლმო გახდა პირველი ესპანელი ფეხბურთელი, ვინც ევროპის ერთ ჩემპიონატში ზედიზედ 3 მატჩში გამოიჩინა თავი.

საფრანგეთის ნაკრები პირველად დამარცხდა დიდი ტურნირის ნახევარფინალში ევრო 96-ის (ჩეხეთთან პენალტების სერიაში) შემდეგ.

რანდალ კოლო მუანი მესამე ფრანგი ფეხბურთელია, ვისაც გოლი აქვს გატანილი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალებში. მანამდე ეს მოახერხეს მიშელ პლატინიმ (1982, 1984) და ზინედინ ზიდანმა (2000, 2006).

ესპანეთის ნაკრები ისტორიაში მეხუთედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და ტიტული სამჯერ აქვს მოგებული, ისევე როგორც გერმანიას.

დიდიე დეშამი:
„ესპანეთმა დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი გუნდია. მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა, რადგან უკეთ აკონტროლებდა ბურთს. ესპანეთმა თავისი ოსტატობა გვაჩვენა“.

კილიან მბაპე:
„ჩვენზე უკეთ ითამაშეს. თავიდან უნდა ვნახოთ ეს მატჩი. სწრაფად გავუშვით ორი გოლი და სიტუაცია ვეღარ გამოვასწორეთ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში გვქონდა მომენტები.
ტურნირი ჩაგდებულია. მე ევროპის ჩემპიონატის მოგება მინდოდა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ გახდება ევრო 2024-ის საუკეთესო ფეხბურთელი: ფავორიტი როდრია

წიტაიშვილი შესაძლოა ჰერტაში წავიდეს