საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია. ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ლუქსემბურგის ნაკრები 2:0 დაამარცხა.
2:0 – ფინალში ვართ: დარჩა ერთი ნაბიჯი ევროპამდე
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
“პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული წნეხი და ემოციები. ვფიქრობ, ერთი საათის განმავლობაში კარგად ვითამაშეთ. შემდეგ გვქონდა სირთულეები და ამის მიზეზების დასადგენად თამაშის კიდევ ერთხელ ნახვა და გაანალიზება გვჭირდება. მსაჯის გადაწყვეტილებამ თამაშის მსვლელობა შეცვალა, თუმცა ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. ბოლო 20 წუთი არ იყო ის, რასაც ჩემი გუნდისგან ველოდი, თუმცა ეს განსაკუთრებული შეხვედრა იყო, პლეი-ოფის ნახევარფინალი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალში გასვლა იყო, რაც გავაკეთეთ კიდეც და ბედნიერები ვართ.
მართალია, ზოგჯერ ამბობენ, რომ მოგებული შემადგენლობა არ იცვლება, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია გვიბრუნდება. შესაბამისად, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და არჩევანი გავაკეთოთ. სწორედ ეს არის მწვრთნელის საქმე. ხვიჩა ფინალში აუცილებლად დაგვეხმარება.
ფინალისთვის მნიშვნელოვანია, როგორ აღიდგენენ ძალებს ფეხბურთელები. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღებ გადაწყვეტილებას მომდევნო მატჩისთვის. ბუდუმ დუბლი შეასრულა, რამაც თავდაჯერება შემატა. მიქაუტაძემ ბევრი იშრომა და შეაწუხა ლუქსემბურგის დაცვა. ორივემ დაიმსახურა სამშაბათს თამაში, თუმცა, როგორც ვთქვი, არჩევანი უნდა გაკეთდეს. თუ რომელიმე მოთამაშე მატჩს სათადარიგოთა სკამზე იწყებს, მსურს, რომ მოედანზე გასვლისას 100 პროცენტით დაიხარჯოს, რადგან ჩვენ ერთად ვაგებთ და ერთად ვიგებთ.
ყოველთვის რთულია ფეხბურთელის განაცხადს მიღმა დატოვება. საბა საზონოვი იტალიაში პირველ სეზონს ატარებს, მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს და ასეთი დონის თამაშებში მოედანზე გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც მიჩვეულები არიან 90 წუთის თამაშს. ამის შესახებ ვისაუბრეთ და იმ შემთხვევაში, თუ კლუბში მეტს ითამაშებს, ნაკრებში სათამაშო დრო გაეზრდება”.
GIPHY App Key not set. Please check settings