in

ემოციები და ოვაციები: მადლობა ყველას – მამარდა მესტალიას დაემშვიდობა

გიორგი მამარდშვილმა „ვალენსიის“ მაისურით ბოლო მატჩი ითამაშა „მესტალიაზე“. მისი გუნდი 37-ე ტურში ბილბაოს „ატლეტიკთან“ 0:1 დამარცხდა. თამაშის შემდეგ ქომაგები ემოციურად დაემშვიდობნენ ქართველ მეკარეს, რომელმაც აქ 4 წელიწადი გაატარა და ბევრი დაუვიწყარი ეპიზოდი აჩუქა იქაურ ფანებს.

მამარდას ბოლო მატჩი მესტალიაზე, გიორგის სუპერგოლი გაუტანეს

შეხვედრის შემდეგ გულიანი კომენტარი გააკეთა თავად გიორგიმაც და „ვალენსიას“ მადლობა გადაუხადა, რომ მის მეკარედ ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ემოციების საღამო და მესტალიის ოვაციები – ასე დაწერა „ვალენსიას“ საიტმა.

გიორგი მამარდაშვილი:

„ასეთი მეკარე „ვალენსიის“ დამსახურებით გავხდი, ეს გუნდი ჩემთვის განსაკუთრებულია. ძალიან ემოციური საღამოა. ეს ემოციები ჩემი 4-წლიანი მუშაობის რეზიუმეა. თანაგუნდელებმა გამამხნევეს და ახალ კლუბში წარმატებები მისურვეს.

არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, საუკეთესოდ წარმომეჩინა თავი. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით.

ამ დროში იყო ბევრი სირთულე, რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები. დადგა დრო, დაგემშვიდობოთ. ეს 4 წელიწადი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი კარიერისთვის. ყველას დიდი მადლობა, ვინც კლუბში მუშაობს. ვფიქრობ, ვალენსიაში ჩემი პატარა ისტორია დავტოვე. იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია“.

გიორგიმ ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა „ვალენსიას“ მეკარე ხაუმე დომენეკს და აღნიშნა, რომ ის ამ წლების განმავლობაში ძალიან დაეხმარა.

გავიხსენოთ, 2021 წლის ზაფხულში გიორგი ესპანურ კლუბში მეოთხე მეკარის სტატუსით მივიდა, მაგრამ პირველივე სეზონში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და ყველა ტურნირზე 132 მატჩი (125 ლა ლიგაში, 6 ესპანეთის თასზე და 1 ესპანეთის სუპერთასზე) ჩაატარა, რომელთაგან 39-ში კარი მშრალად შეინახა.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მამარდაშვილი „ლივერპულმა“ 35 მილიონი ევროდ შეიძინა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას შვიდიანები: ვირტუსმა პლეი ოფი ვენეციასთან მოგებით დაიწყო

ჩემპიონობა გადაიდო: კიტეიშვილის შტურმმა წააგო, მაგრამ პირველობისთვის 1 ქულა სჭირდება