ქართველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ თავის რუმინელ მეწყვილესთან ერთად ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო. რუმინეთში წარმატების შემდეგ ქართულ-რუმინულმა წყვილმა ბუენოს აირესის ტურნირიც ტრიუმფით დაასრულეს.
ტურნირის ფინალში ეკო გორგოძე და მისი მეწყვილე რუმინელი ირინა მარია ბარა არგენტინულ-ბერძნულ წყვილს დაუპირისპირდნენ და მძიმე ბრძოლაში სამ სეტში 5:7 7:5 10:4 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ წყვილმა ზედიზედ 11 შეხვედრა მოიგო.
პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ქართულ-რუმინული წყვილი 5:3-ს იგებდა და სეტზე აწვდიდა, თუმცა მარია კარლემ და დესპინა პაპამიჩაილმა უკუბრეიკი შეასრულეს. სამწუხაროდ კარლემ და პაპამიჩაილმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულეს და სეტი მათთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.
მეორე სეტი ეკომ და ირინამ ცუდად დაიწყეს. პირველივე გეიმი დათმეს და ფინალის წაგების წინაშეც იდგნენ. მე-10 გეიმში არგენტინულ-ბერძნული წყვილი მატჩზე აწვდიდა, თუმცა ეკომ და ირინამ ბრეიკი შეასრულეს და შეხვედრა გადაარჩინეს. მე-12 გეიმი კი კვლავ ქართულ-რუმინულ წყვილს დარჩა. სეტებში ანგარიში გათანაბრდა.
გადამწყვეტ ტაიბრეიკზე კი ეკომ და ირინამ ბრწყინვალედ იასპარეზეს და დამაჯერებლად 10:4 გაიმარჯვეს.
GIPHY App Key not set. Please check settings