უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი ევროპა ლიგის ფინალის წინ ბილბაოში შეიკრიბა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე მასპინძლები ავტომატურად ვერ მოხვდებიან.
ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ახალი ფორმატი
უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის ახალი ფორმატი დაამტკიცა, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ცხრა სტადიონზე გაიმართება და 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის მსგავსად, ახლაც 12 ჯგუფი იქნება, თითოეული 4 ან 5-გუნდიანი. მასპინძელი ქვეყნები ასევე მონაწილეობას მიიღებენ საკვალიფიკაციო ტურნირში, ოღონდ ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ირლანდია აუცილებლად სხვადასხვა საკვალიფიკაციო ჯგუფში ითამაშებენ.
ევრო 2028-ის ფინალურ ტურნირზე პირდაპირი გზით 12 ჯგუფის გამარჯვებული და 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი მოხვდება – სულ 20 გუნდი. ორი საგზური გარანტირებულად შენახული იქნება მასპინძელი ქვეყნებისთვის (რომლებიც ტურნირზე საკვალიფიკაციო გზით ვერ მოხვდებიან) – ასე რომ, ევროზე, მინიმუმ, ორი მასპინძელი მაინც ითამაშებს.
დარჩენილი ადგილები პლეი ოფში გათამაშდება საკვალიფიკაციო ჯგუფების დარჩენილ მეორეადგილოსნებსა და ერთა ლიგის (2026/27) რეიტინგით საუკეთესო ჯგუფების გამარჯვებულებს შორის, რომლებიც კლასიკური შესარჩევიდან ევროს საგზურს ვერ მოიპოვებენ.
მასპინძლების მიერ მოპოვებული ადგილების რაოდენობის მიხედვით გადაწყდება, პლეი ოფში ფინალურ ეტაპის რამდენი საგზური გათამაშდება. ეს რაოდენობა შეიძლება ორიდან ოთხამდე მერყეობდეს – სულ მოსალოდნელია სამი სცენარი:
- თუ მასპინძელი ქვეყნები ორივე საგზურს მოიპოვებენ – დარჩენილი 2 ადგილისთვის 8 გუნდი (ერთმატჩიანი ნახევარფინალებითა და ფინალებით) ითამაშებს;
- თუ მასპინძელი ქვეყნები ერთ საგზურს მოიპოვებენ – დარჩენილი 3 ადგილისთვის 12 გუნდი (ერთმატჩიანი ნახევარფინალებითა და ფინალებით) ითამაშებს;
- თუ მასპინძელი ქვეყნები საგზურს ვერ მოიპოვებენ – დარჩენილი 4 ადგილისთვის 8 გუნდი (ერთმატჩიანი ნახევარფინალებითა და ფინალებით) ითამაშებს.
შესარჩევი ტურნირის განრიგი 2025 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება, ხოლო ოფიციალური რეგულაციები – წლის ბოლომდე.
დაფინანსების პროგრამა და განაწილების პრინციპები 2024-2028 წლებისთვის
შემდეგი ციკლისთვის, რომელიც ევრო 2028-ს მოიცავს, უეფა-სა და ევროპის კლუბების ასოციაციას (ECA) შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, 240 მილიონი ევრო განაწილდება, რომელსაც წინა ციკლის შვიდი მილიონი ევროც დაემატება.
ECA-ს წინადადებით გადაწყდა, რომ 2020-2024 წლების სეზონიდან დარჩენილი შვიდი მილიონიდან სამი უეფა-ს ქალთა ევრო 2025-ის პროგრამაში გადაირიცხოს, რათა თანხის ოდენობა ექვსიდან ცხრა მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
დარჩენილი 244 მილიონი ევროს განაწილების მექანიზმი უცვლელი რჩება და ორ ნაწილად გაიყოფა. 104 მილიონი ევრო უეფა-ს ერთა ლიგის ორ ტურნირს (2024/25 და 2026/27 წლების სეზონებსა და 2026-28 წლების ევროპის საკვალიფიკაციო მატჩებს) დაფარავს. 140 მილიონ ევრო კი იმ კლუბებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც თავიანთ მოთამაშეებს ევრო 2028-ზე გაგზავნიან.
ერთა ლიგის ფინალური ტურნირის განაცხადები
უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა, სეზონის დასრულების დინამიკისა და მომავალ ზაფხულში გაზრდილი აქტივობის გათვალისწინებით, 2025 წლის უეფა-ს ერთა ლიგის მატჩებში მონაწილე გუნდების განაცხადში მოთამაშეთა რაოდენობა 23-დან 26-მდე გაზარდა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings