in

ევროპული ზღაპარი დასრულდა… დროებით: საქართველო ევრო 2024-ს ტოვებს ღირსებით, თავაწეული, საყოველთაო მოწონებით…

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალი ესპანეთთან წააგო – 1:4.

მიუხედავად ამისა, ჩვენს გუნდს ეკუთვნის მადლობა თუნდაც იმისთვის, რომ ეს თამაში ითამაშა: ევროპის ჩემპიონატზე, პლეი-ოფში…

საქართველოს შეხვდა ურთულესი მეტოქე, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი კონტინენტზე და წარმოუდგენელი ამოცანა გახლდათ მთელი მატჩის განმავლობაში ასეთი მეტოქის გაძლება. არ დაგვავიწყდეს, რომ ესპანეთმა ბევრად მეტი დაისვენა. არ დაგვავიწყდეს, როგორ ანერვიულეს ჩვენებმა, ცოტა შეაშინეს კიდეც, მაგრამ ესპანეთმა მაინც მოახერხა თავისი გასატანის გატანა და ამის შემდეგ ბევრად თავისუფლად ათამაშდა, თავის გემოზე, ლაღად. ეს შეხვედრა პრაქტიკულად 50-ე წუთზე დასრულდა, როდესაც მეორე ტაიმის საწყის წუთებშივე დაწინაურდა ესპანეთი და მერე თამაშის შემობრუნება ვეღარ მოხერხდა. მეტოქემ კი გაილაღა, წნეხი მოეხსნა და თავისუფლად ათამაშებულმა კიდევ ორჯერ გაგვიტანა და ერთი მაგდენი კიდევ შეეძლო. ჩვენ ვცდილობდით კონტრშეტევაზე გადასვლას, მაგრამ სათანადოდ ვერ შევძელით. ძალიან სიღრმეში უწევდათ შემტევებს ბურთის მიღება და მერე ინდივიდუალურად ნახევარი მოედნის ბურთის თრევით გადალახვა ვეღარ ხერხდებოდა. ვერც ცვლილებებმა გამოიღო განსაკუთრებული შედეგი მიუხედავად იმისა, რომ წიტაიშვილი ერთ ეპიზოდში შევარდა საჯარიმოში და ვერ დაარტყა სასურველად.
მოკლედ, ეს წვიმა და ესპანეთი აღარ გაგვაგონოთ…

არადა, როგორ დაიწყო თამაში… კი უტევდა ესპანეთი, მაგრამ სწრაფმა კონტრშეტევამ შედეგი გამოიღო, გოლი გავიტანეთ და დავწინაურდით. ალბათ სიტყვებით რთული გადმოსაცემია რა ხდებოდა ამ დროს ფეხბურთელების, მწვრთნელების, ტრიბუნაზე თუ საქართველოში მყოფი ქართველების გულებში…

ევრო 2024. 1/8 ფინალი

ესპანეთი – საქართველო 4:1
30 ივნისი. კიოლნი. „რეინ ენერგი“
გოლები: 0:1 ლე ნორმანი (18), 1:1 როდრი (39), 2:1 ფაბიან რუისი (51), 3:1 უილიამსი (75), 4:1 ოლმო (83)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვეკვესკირი 79), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (ალთუნაშვილი 41), ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 64), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 64), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 79)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: როდრი (ზუსტი გადაცემების 94%).

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ყველა, ოთხივე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაუშვა. ჯგუფურ ეტაპზე ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა სამიდან სამი მატჩი მოიგო და ხუთი გოლი გაიტანა.

ესპანეთმა პირველ ტაიმში 17-ჯერ დაარტყა, რაც რეკორდია.

ესპანეთმა 35-ჯერ დაგვირტყა, რაც ევრო 2024-ის რეკორდიცაა და თავად ესპანეთისაც მას შემდეგ, რაც სტატისტიკას აწარმოებენ. საქართველოს ერთი დარტყმაც არ აქვს კარში.

რობინ ლე ნორმანდის ავტოგოლი მიმდინარე ევრო 2024-ზე მერვე იყო.

როდრისთვის საქართველოს ნაკრების კარში გატანილი გოლი პირველი იყო დიდ საერთაშორისო ტურნირებზე.

ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა ევროპის ჩემპიონატების პლეი-ოფში. ის 16 წლის და 353 დღისაა.

იამალი გახდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა საგოლე პასის ავტორი პლეი-ოფებში.

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ 9 სეივი დააგროვა, ტურნირის განმავლობაში კი მან 30-ჯერ მოიგერია კარში დარტყმული ბურთი.

მადლობა ამ ემოციებისთვის, მადლობა ჩვენი ფეხბურთის, ხალხის, ქვეყნის ასეთი წარმოჩენისთვის. ჩვენ ვნახეთ თუ რა კარგია ევროპაში და ვნახეთ უფრო მნიშვნელოვანი: ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის ნაწილი ვიყოთ… და უნდა ვიყოთ. გემო გავუსინჯეთ და ამიერიდან სულ მოგვინდება.

ერთი ზღაპარი კი არა, წინ ზღაპრების მთელი წიგნი გველოდება!..

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო-ესპანეთი: აშკარა ფავორიტი მეტოქეა, მაგრამ გოლი ჩვენც გაგვაქვს… წინათქმა

როგორ შეაფასეს ქართველი ფეხბურთელები: მამარდას მაღალი ქულები დაუწერეს