საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში მიიღებენ მონაწილეობას
2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და ფედერალური პოლიციის ინიციატივით, დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების, ასევე, მასპინძელი ქვეყნის პოლიციის დანაყოფებისთვის ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიწვეულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განზრახულობათა ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა.
8 ივნისს, ბამბერგის სასწავლო ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 10 თანამშრომელი გაემგზავრა, რომლებიც 10 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით, სხვა ქვეყნების პოლიციის ოფიცრებთან ერთად გაივლიან ერთობლივ სასწავლო კურსს.
კურსის დასრულების შემდეგ, ისინი გადანაწილდებიან აეროპორტებში, ასევე, რკინიგზის სადგურებში და გერმანული პოლიციის ოფიცრებს ქართველ გულშემატკივართან ეფექტურ კომუნიკაციასა და მართლწესრიგის დაცვაში დაეხმარებიან.
10 ივნისს ფუნქციონირებას იწყებს ევროპის ჩემპიონატის დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც განთავსებული იქნება გერმანიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნოისში.
ცენტრი, რომელიც შედგება ეროვნული ფეხბურთის 300-ზე მეტი საინფორმაციო ცენტრების მეკავშირე ოფიცრებისა და მობილურ ჯგუფებში განაწილებული ფეხბურთის სპოტერებისგან, ჩემპიონატის ფარგლებში ჩასატარებელ საფეხბურთო მატჩებზე საერთაშორისო საპოლიციო ინფორმაციის ოპერატიულ და უწყვეტ გაცვლას, რისკების შეფასებასა და ანალიზს უზრუნველყოფს. ასევე, განახორციელებს ღონისძიებების ჩატარების და გულშემატკივართა შეკრების ადგილებზე მობილიზებულ პოლიციის ოფიცრებთან კოორდინირებულ მუშაობას.
აღნიშნულ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარდგენილნი იქნებიან სამინისტროს ადმინისტრაციის სპორტული და კულტურული ღონისძიებების უსაფრთხოების სამმართველოს ორი თანამშრომელი, ხოლო მობილურ ჯგუფად, სტადიონებსა და გულშემატკივართა შეკრების ადგილებში სამუშაოდ სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ-ორი წარმომადგენელი.
სამინისტროს დელეგაცია გერმანიის რესპუბლიკაში დარჩება და განახორციელებს საქმიანობას საქართველოს ნაკრების ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე ასპარეზობის პერიოდში.
GIPHY App Key not set. Please check settings