ევროპის მე-17 ჩემპიონატი დაიწყო. გახსნის მატჩში მასპინძელმა გერმანიამ არ დაინდო შოტლანდია და ცალკარა მატჩში მწარე სილა გააწნა – 5:1.
რა უნდა ითვას თამაშზე: გერმანია თავიდანვე მიაწვა და პირველი ტაიმი სამბურტიანი უპირატესობით ისე ჩაამთავრა, რომ მეტოქე კაცნაკლულიც დატოვა. სკოტებს კარში დარტყმაც კი არ დაუფიქსირდათ, ხოლო ის გოლი რუდიგერმა საკუთარ კარში კურიოზულად, მაგრამ ლამაზი თავურით გაიტანა.
გახსნის შეხვედრაში სამ გოლზე მეტი არასოდეს გასულა. ახლა ეს სტატისტიკაც შეიცვალა და ბევრი სხვა რეკორდიც დამყარდა.
გერმანია – შოტლანდია 5:1
14 ივნისი. მიუნხენი. “მიუნხენ ფუტბოლ არენა”. 75 024 მაყურებელი
გოლები: 1:0 ვირტცი (10. კიმიხის პასით), 2:0 მუსიალა (19. ჰავერტცის პასით), 3:0 ჰავერტცი (45+1-პენ), 4:0 ფიულკრუგი (68), 4:1 რიუდიგერი (87-საკ. კარში), 5:1 ემრე ჯანი (90+3. მიულერის პასით)
გერმანია: ნოიერი, კიმიხი, რიუდიგერი, ტა, მიტელშტედტი, ანდრიხი (46. გროსი), კროოსი (80. ემრე ჯანი), მუსიალა (74. მიულერი), გიუნდოგანი, ვირტცი (63. სანე) – ჰავერტცი (63. ფიულკრუგი)
მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი
შოტლანდია: განი, ჰენდრი, პორტეუსი, ტირნი (77. მაკკენა), რალსტონი, მაკტომინეი, მაკგრეგორი (67. გილმორი), რობერტსონი, მაკგინი (67. მაკლინი), ადამსი (46. ჰენლი), კრისტი (82. შენკლენდი)
მწვრთნელი: სტივ კლარკი
გაფრთხილება: ანდრიხი (31), რალსტონი (48), ტა (62)
გაძევება: პორტეუსი (44)
არბიტრი: კ. ტურპენი (საფრანგეთი)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ჯამალ მუსიალა
იულიან ნაგელსმანი:
„გახსნითი მატჩის საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ჩატარება ყოველთვის ძნელია. თუმცა ჩემმა გუნდმა ყოველგვარ წნეხს გაუძლო. დიდ აგრესიას ველოდით შოტლანდიისგან, მაგრამ გამიკვირდა, რომ ეს არ მოხდა. ამასობაში გოლებიც გავიტანეთ და ფსიქოლოგიური უპირატესობა მატჩის ბოლომდე გვქონდა.
მიხარია, რომ, მიუხედავად დიდი სხვაობით დაწინაურებისა, ჩემი ფეხბურთელები მაქსიმალურად იხარჯებოდნენ და შეტევაზე ფიქრობდნენ“.
ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, გახსნით მატჩში სარეკორდო სხვაობით გამარჯვება დაფიქსირდა. აქამდე ყველაზე დიდი ანგარიში წინა, ევრო 2020-ზე იყო – იტალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა.
გერმანიის ნაკრებმა მერვედ მოიგო ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩი, რაც რეკორდია. მეორე საუკეთესო შედეგი ფრანგებს აქვთ – 6 გამარჯვება.
გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე პირველად გაიტანა 3 გოლი პირველ ტაიმში.
ჯამალ მუსიალასა და ფლორიან ვირტცის გოლებით, გერმანიის ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომლის ორმა 21-წლამდელმა (და უფრო ახალგაზრდამ) გაიტანა ევროპის ჩემპიონატის ერთსა და იმავე მატჩში.
21 წლის და 42 დღის ფლორიან ვირცი გერმანიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.
ფლორიან ვირტცი არის გერმანიის ნაკრების მესამე ფეხბურთელი გერდ მიულერისა (1972) და კარლ-ჰაინც რუმინგეს (1980) შემდეგ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატებზე გახსნის მატჩში ანგარიში გახსნა.
ტონი კროოსს შოტლანდიასთან მატჩის პირველ ტაიმში პასების 100%-იანი სიზუსტე ჰქონდა, 55-დან 55 ზუსტი გადაცემა. სულ კი მხოლოდ ერთხელ შეცდა 102 პასის გაკეთებისას.
ნიკლას ფიულკრუგმა მთავარ ტურნირებზე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები) სამივე გოლი შეცვლაზე შესულმა გაიტანა. ანალოგიური (3/3) მიღწევა აქვთ ლასლო კიშს (უნგრეთი), რუი კოშტასა (პორტუგალია) და ანდრე შიურლეს (გერმანია).
მანუელ ნოიერმა 35-ე მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატებზე, როგორც სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელმა. მან გაუსწრო ასევე გერმანელ ფილიპ ლამს (34). უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს – კრიშტიანო რონალდოს (43) და პაოლო მალდინის (36).
რაიან პორტეუსი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გააძევეს 2016 წლის (ალექსანდარ დრაგოვიჩი, სერბეთი-უნგრეთი) შემდეგ, ასევე, პირველი შოტლანდიელია, რომელმაც დიდ სანაკრებო ტურნირზე წითელი ბარათი მიიღო 1998 წლის (კრეიგ ბარლი) შემდეგ.
კალუმ მაკგრეგორი (შოტლანდია) მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, ვინც ევროპის ჩემპიონატის მატჩი საკუთარ დაბადების დღეზე ჩაატარა ორ სხვადასხვა ტურნირზე (ევრო 2020 და 2024). ადრე ასეთი შემთხვევა ჰქონდა უესლი სნეიდერს (ნიდერლანდები, ევრო 2008 და 2012).
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამბავი მწვრთნელ იულიან ნაგელსმანსა და მეკარე მანუელ ნიერს უკავშირდება. პირველი 36 წლისაა, მეორე – 38-ის. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მწვრთნელმა მოედანზე თავისზე უფროსი ფეხბურთელი გაიყვანა.
GIPHY App Key not set. Please check settings