‘შავმა ლომმა’ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბის (EPCR) ტურნირ ჩელენჯ თასში ისტორიული, პირველი გამარჯვებით აღნიშნა!
ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უძლიერეს საკლუბო ტურნირში ქართულ ფრენჩაიზს დებიუტი გასულ შაბათს ინგლისურ ‘გლოსტერთან’ ჰქონდა და ნუგეშ-ქულას (10:15) დასჯერდა, მეორე მატჩში კი უელსური ფრეჩაიზი ‘სქარლეთსი’ მისსავე მოედანზე, ჰლანეჰლიში 23:7 დაამარცხა! ამით ნათლად გამოჩნდა, რომ EPCR-მა საქართველოსთვის კარის გახსნით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს ქართულ რაგბს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებზე აიყვანს.
მატჩის დებიუტი ცუდი გამოდგა. მეტოქემ ჩვენი შეცდომებით მე-3 წუთზევე ისარგებლა და ფიფიტას ლელო ლოიდმა გარდასახა. მრავალრიცხოვანი შეცდომების მიუხედავად, ‘შავი ლომის’ თავგანწირულმა დაცვამ უელსელებს ქულების აღების შესაძლებლობა აღარ მისცა. ნელ-ნელა სტუმრებმა თამაში შეტევაშიც დაალაგეს და ლუკა მატკავამ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, 33-ე წუთზე კი მირიან მოდებაძემ ლელოთი დაგვაწინაურა და მატკავამ გარდასახა – 7:10.
მეორე ტაიმში ინიციატივას სრულად სტუმრები ფლობდნენ. ‘სქარლეთსი’ გაუვალ დაცვას წააწყდა, ‘შავმა ლომმა’ ბურთზე კონტროლი დაამყარა და მატკავამ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა. საათის თავზე 5-მეტრიანში მოგებულ დერეფანს მოლი და ბექა მამრიკიშვილის ლელო მოყვა. მატკავა გარდასახვიდან ზუსტი იყო, შეხვედრის მიწურულს უპირატესობა ჯარიმით კიდევ უფრო გაამყარა და ‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასზე პირველი, ისტორიული გამარჯვება გაიფორმა, თანაც სტუმრად უელსურ ‘სქარლეთსთან’ – 23:7.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა მატკავა დასახელდა.
2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი
მესამე ჯგუფი. მეორე რაუნდი
ჰლანეჰლი. Parc Y Scarlets. 15 დეკემბერი.
სქარლეთსი (უელსი) – შავი ლომი (საქართველო) 7:23
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. გელა მახარაშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. ლუკა ცირეკიძე.
2 ლელო: მოდებაძე, მამრიკიშვილი
2 გარდასახვა: მატკავა
3 ჯარიმა: მატკავა
GIPHY App Key not set. Please check settings