საქართველოს ჩემპიონმა ქართული საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟი კიდევ ერთხელ შეარყია. ნახეთ, როგორ იწყებენ თამაშს გუნდები, ვისაც განმეორებითი მატჩის წინ “ამოსაქაჩი” აქვს. ნახეთ, როგორ მოძრაობენ, ბურთს როგორ იღებენ, გადაწყვეტილებას სწრაფად და სწორად იღებენ და მერე იქნებ ჩვენც ვისწავლოთ რამე. საწყენია, ესტონეთის გუნდებიც კი ჩვენზე გამართულად რომ თამაშობენ. საწყენია, როცა გუნდი ზედიზედ მეორე სეზონია წარმატებულია, არ მარცხდება, თითქოს ფორმაში უნდა იყოს, მაგრამ…
ისევ ის პოზიტივი უნდა ვეძებოთ, რაზეც ადრეც გვითქვამს – მთავარია, პერსპექტიულმა ბიჭებმა, როგორაც მაგალითად გუშინ გიორგი ტაბატაძე ჩანდა, ზრდა განაგრძონ, ნორმალურ კლუბში გადავიდნენ და ამა თუ იმ ქვეყანას სანაკრებო დონეზე დავანახოთ, თუ რა შეგვიძლია. სხვა იმედს თქვენ თუ ხედავთ, კი ბატონო…
ქართული კლუბებიდან ყველაზე სუსტი მეტოქე ვისაც ჰყავდა, გავარდა. დღეს, 31 ივლისს, განმეორებით შეხვედრას სხვა სამი ჩაატარებს და იმედი ვიქონიოთ, მესამე ეტაპზე გუნდის გარეშე არ ვიქნებით. საუბარი იმ კონფერენს ლიგაზეა, რომლის ჯგუფშიც იმდენი ქვეყნის კლუბი გავიდა, ვინღა მოთვლის…
გორის “დილა” და “სპაერი” 20:00 საათზე ითამაშებენ, ქუთაისის “ტორპედო” კი 21:00 საათზე.
გორში “რიგა” ერთბურთიანი (2:1) უპირატესობით მოდის. სტუმრად ბოლომდე ბრძოლამ “დილასთვის” გარკვეული შედეგი გამოიღო. ამ შეხვედრაშიც მნიშვნელოვანი იქნება, მეტოქეს თავიდანვე დავანახოთ, რომ მზად ვართ, ორრაუნდიანი დაპირისპირება საჩვენოდ შემოვატრიალოთ. შესაძლოა, თავიდანვე აქტიურად შეტევა რისკი იყოს, მაგრამ “იბერია 1999”-ის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამატებით დროში ქართულ კლუბს ძალა აღარ შემორჩა.
“სპაერს” სერიოული მოწინააღმსეგე ჰყავს, რომელსაც ავსტრიაში ცოტათი გადაურჩა(0:2 დამარცხდა). თუმცა “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე ისინი ეცდებიან, ასე ზღაპრულად მოპოვებული ევროპული თავგადასავალი იოლად არ დათმონ. როგორც ირკვევა, ისინი გულშემატკივრების გარეშე არ ითამაშებენ.
ქუთაისში დიდ ბრძოლას ველით. “ტორპედოს” ნამდვილად აქვს რესურსი საკმაოდ ძლიერ და გამოცდილ “ომონიას” 0:1 გაუბათილოს და მეტზეც იფიქროს.
რაც კვიპროსში გამოჩნდა, შუსტერის გუნდს პრესინგის დაძლევა უჭირს. ქუთაისელები პერიოდულად სწრაფად უტევენ, მაგრამ ხშირად სწორი გადაწყვეტილების პრობლემა არსებობდა, ახლა ამაზე დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს. შუა ხაზში თამაშის მეტად დალაგება გვჭირდება, დაცვაში კი მაქსიმალური კონცენტრაცია!..

sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings