33 წლის წინ, 1990 წლის 27 მაისს, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა. შეხვედრა თბილისში გაიმართა. ჩვენი მეტოქე ლიტვის (დღეს ლიეტუვა) ნაკრები იყო. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
27 მაისი, 1990. ამხანაგური. თბილისი, ეროვნული სტადიონი. 55000
საქართველო vs ლიტვა 2:2
გოლები: 0:1 არმინას ნარბეკოვასი (12), 1:1 გია გურული (62, პენ), 1:2 ვირგინიუს ბალტუშნიკასი (66), 2:2 კახი კაჭარავა (81)
საქართველო: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი (კაპ), კახი ცხადაძე (კახი კაჭარავა, 71), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გიორგი ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (როსტომ თორღაშვილი, 46), ოთარ კორღალიძე (მელორ ბიგვავა, 46), გია გურული, მამუკა ფანცულაია (გოჩა გოგრიჭიანი, 46)
მწვრთნელი: გივი ნოდია
ლიტვა: ვალდემარას მარტინკენასი (არვიდას კონციავიჩუსი, 86), ვლადიმირას ბუზმაკოვასი, რუტის ნარუშევიჩიუსი, რომას მაჟეიკისი, არვიდას იანონისი (კაპ) (ვირგინიუს ბალტუშნიკასი, 17), რობერტას ტაუტკუსი, რომას ჩირბა, ვალდას ივანაუსკასი, რობერტას ფრიდრიკასი, ვიაჩესლავ სუკრისტოვი, არმინას ნარბეკოვასი
მწვრთნელი: ბენიამინას ზელკიავიჩუსი
მსაჯები: მევლუდ მიმინოშვილი; ჯემალ წერეთელი, ავთანდილ კოკაია
მაშინ ცოტა სხვა ვითარება იყო. საქართველო სულ ცოტა ხნით ადრე გამოეყო საკავშირო ფედერაციას და დამოუკიდებელი ჩემპიონატის ჩატარება დაიწყო. თუმცა იმ დროს ჩვენი ფედერაცია ჯერ არ ყოფილა უეფას და ფიფას წევრი. ამიტომ ოფიციალურ შეხვედრას ჩვენთან ვერ ითამაშებდნენ. იყო სანქციების ალბათობაც. საბჭოთა (რუსეთის) იმპერიასთან მებრძოლი ორი მოწინავე ქვეყანა კი ერთმანეთს გაეჯიბრა. თანაც სიმბოლურად თამაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღს დაამთხვიეს (მეორე დღეს).
მაშინ ლიტველებს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავდათ (ივანაუსკასი, ფრიდრიკასი, ნარბეკოვასი), რომლებიც მერე ევროპაშიც წავიდნენ.
წლების შემდეგ გივი ნოდიამ ის თამაში გაიხსენა და თქვა: „მას შემდეგ, რაც ქართულმა ფეხბურთმა დამოუკიდებლად არსებობა გადაწყვიტა, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოვექეცით – სამწუხაროდ, ფიფამ და უეფამ იმ დღეებში მხარი არ დაგვიჭირა, რასაც მსუბუქი, მაგრამ მაინც სანქციები მოჰყვა… ამის გათვალისწინებით ლიეტუველთა სტუმრობა მათი მხრიდან ვაჟკაცური ნაბიჯი იყო“.
საქართველოს ნაკრები რუსთავში ერთი კვირის განმავლობაში ემზადებოდა ისტორიული მატჩისთვის.
საქართველოს ნაკრების პირველი მატჩის თარიღი – 1990 წლის 27 მაისი კიდევ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ იმ დღეს, თამაშის დაწყებამდე, ქართული ფეხბურთის ბერმუხად წოდებულ ბორის პაიჭაძეს 75 წლის იუბილე მთელმა ქვეყანამ მიულოცა.
იმავე შუადღით ფეხბურთიდან ოფიციალურად გააცილეს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მეკარე ოთარ გაბელია.
ეროვნული ნაკრების პირველ მატჩზე სიმბოლური პრიზები იყო დაწესებული: საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო ქუთაისელ გია ნადირაძეს გადაეცა; ახალგაზრდა ფეხბურთელთათვის დაწესებული 500-500 მანეთით ზაზა რევიშვილი და რომას ჩირბა დაჯილდოვდნენ, პირველი გოლისთვის დათქმული 1000 მანეთი კი არმინას ნარბეკოვასის საკუთრება გახდა.
ლიეტუველები 4 ივნისამდე დარჩნენ საქართველოში და რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გამართეს, თუმცა უკვე ვილნიუსის “ჟალგირისის” სახელით.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კი ფიფას და უეფას წევრი 1992 წელს გახდა და პირველი ოფიციალური ტურნირი ევრო 1996-ის შესარჩევი ციკლი იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings