იურგენ ნორბერტ კლოპი 1967 წლის 16 ივნისს შტუტგარტში დაიბადა. კარგი, მართლა ხომ არ დაიჯერეთ, რომ სტანდარტული ბიოგრაფიის თხრობით მოგაცდენდით? ჰერ იურგენის საფეხბურთო კარიერა დიდი წარმატებით არ გამოირჩეოდა. ჯერ „აინტრახტის დუბლებში“, შემდეგ კი „მაინცში“ გამოდიოდა. ფეხბურთელობის ჟამს ვიდეოგაქირავების მაღაზიაში მუშაობდა და ბლომად დატვირთვაც ჰქონდა.
11 წელი გაატარა მაინცში და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, მაგრამ… „ჩემი ფეხები მეოთხე დივიზიონის იყო გონება კი უმაღლესის“ – ეს ჰერ იურგენის სიტყვებია და სულ მალე დარწმუნდებით, რომ მართალიც იყო.
2001 წელს „მაინცს“ ჩაუდგა სათავეში და აქედან იწყება მოგზაურობა საოცრებათა სამყაროში. იმ დროს „მაინცი“ უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მეორე დივიზიონიდან გავარდნის მთავარ კანდიდატადაც მოიაზრებოდა, მაგრამ კლოპმა პირველსავე ვარჯიშზე ფეხბურთელებს უთხრა: „ზუსტად ვიცი, როგორ უნდა ავიდეთ ბუნდესლიგაში. თუ გააკეთებთ იმას, რასაც გეტყვით, ყველაფერს ნახავთ“- ამ ყველაფერს მეგობრული ელფერიც დაჰკრავს და მიზეზიც გასაგებია: კლოპმა ბუცები ჩამოკიდა და მეორე წამს მწვრთნელის მანტია მოისხა. 2004 წელს მოახერხა და გუნდი ბუნდესლიგაში დააწინაურა, რაც პირველად მოხდა „მაინცის“ ისტორიაში. ამას ვინ დასჯერდებოდა? – 2006 წელს უეფას ლიგაზეც კი იასპარეზა და ყველა აალაპარაკა. მისი „მაინცური“ კარიერა 2008 წელს დასრულდა.
ახლა კი, მაგრად მოეჭიდეთ, რადგან ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის ოქროს ხანას მივადექით. 2008 წელს იურგენ კლოპი „დორტმუნდის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და უმალ დიდი წმენდაც ჩაატარა. გერმანიის 6 გზის ჩემპიონებმა ნევენ სუბოტიჩი, იაკუბ ბლაშიკოვსკი, ფელიპე სანტანა, მოჰამედ ზიდანი, მარსელ შმელცერი, კევინ პრინს ბოატენგი და ნური შაჰინი დაიმატეს. ჯამში გუნდმა 12 მილიონი დახარჯა, მაგრამ წამსვლელთაგან 13 მილიონი მიიღო და პლუსში გავიდა. ის სეზონი გუნდმა მე-6 პოზიციაზე დაასრულა.
შემდეგ გუნდს მატს ჰუმელსი, მარიო გიოტცე, ლუკას ბარიოსი, მარკო როისი, შინჯი კაგავა, სვენ ბენდერი და რობერტ ლევანდოვსკი დაემატნენ. ამ ფეხბურთელთა სანაცვლოდ „ბორუსიამ“ 50 მილიონამდე გადაიხადა. შემდგომში რამდენი მიიღო ეს კარგად მოგეხსენებათ. ამის შემდეგ ზედიზედ ორჯერ კლოპის „დორტმუნდმა“ ბუნდესლიგის ტიტული აღმართა. რეკორდი-რეკორდზე დამყარდა და მონსტრების მხრიდან ინტერესიც სულ იზრდებოდა.
2013 წელს კლოპომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა გუნდი. მატჩამდე ცოტა ხნით ადრე დადასტურდა, რომ „ბაიერნის“ ჯერ არდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ყვითლებს მარიო გიოტცე აწაპნა. ლიგის ფინალში გერმანული დერბი ვნახეთ და „ბაიერნმა“ მანჯუკიჩისა და რობენის გოლებით 2:1 მოიგო. ნამატჩევს კლოპმა ასეთი რამ თქვა: „სამწუხაროდ, ესპანურს ენას ვერ ვფლობ და ქერა თმა მაქვს. ალბათ, ამიტომ დაგვტოვა გიოტცემ“. კლოპს გუნდი აგურ-აგურ დაუშალეს, ამ სიტყვების სრული გაგებით. ცხადია, ასეთ დროს კლოპს აღარ გამოუვიდა მაგია და დორტმუნდმაც სეზონი ჩააგდო.
2015 წლის 8 ოქტომბერს კი „ლივერპულში“ დიდი ვნებათაღელვა დატრიალდა. რამდენიმე თვიანი უქმობის შემდეგ, კლოპს საქმეში დაბრუნება მოუწია და „ლივერპულის“ მესაჭედ გამოცხადდა. „we have to change from doubters to believers” – ამ სიტყვებით დაიწყო კლოპმა მერსისაიდული კარიერა. უნდა შევიცვალოთ, ყოყმანიდან რწმენამდე. ისე კი, იმ სიტყვების ზუსტი პერიფრაზი შეუძლებელია.
როგორი მემკვიდრეობა დახვდა კლოპს? – კოშმარული. ფორვარდები, რომლებსაც კარში ხეირიანი დარტყმა არ გამოსდიოდათ. თითზე ჩამოსათვლელი მაღალი კლასის მოთამაშეებით: ჰენდერსონი, კოუტინიო, სტარიჯი, ლალანა და… პირველსავე სეზონში კლოპომ გუნდი ლიგის თასის, ასევე ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა. გუნდმა ორივე ფინალი წააგო.
2016 წლის ზაფხულში კი ჰერ იუგენმა „ლივერპულის“ თავის გემოზე გადაწყობა დაიწყო. მოიყვანა მანე, მატიპი და ვაინალდუმი. გუნდმა სეზონი მე-4 საფეხურზე დაასრულადა 3 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა.
2017 წელს კი კლოპომ სალაჰი დაიმატა, თუმცა შუა სეზონში ფილიპე კოუტინიომ „ბარსელონას“ მიაშურა და გიოტცე დუბლი ორი. 2018 წელი „ლივერპულმა“ უდიდესი სვლით დაიწყო. გუნდმა ვირჯილ ვან დაიკი დაიმატა! იმ სეზონში, დასკვნით, 38-ე ტურში გაიფორმა ჩემპიონთა ლიგის საგზური და კიევისაკენ გაეშურა, სადაც 13 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნდა ეთამაშა. 18 წლის არნოლდი, კარში კარიუსი, ლოვრენი, ლალანა… კლოპმა ეს ფინალიც წააგო და მატჩის შემდეგ თქვა: „მგონი ლუზერი ვარო“. ისე კი, გერმანელმა პირველ პრესკონფერენციაზე ასეთი რამ თქვა: „4 წელიწადში ტიტულს თუ ვერ მოვიგებთ, სამუშაოდ შვეიცარიის ჩემპიონატში წავალო“.
კარიუსის კატასტროფული მატჩიდან ორ კვირაში, გუნდმა ფაბინიო, ალისონი და შაქირი დაიმატა… AND HERE WE GO…. 2018/19 – „ლივერპული“ პრემიერლიგაში 97 ქულას აგროვებს, მაგრამ ჩემპიონი „სიტი“ ხდება. ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ 0:3 ჩამორჩენა აღმოუფხვრა და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში. ამას კლოპი არ წააგებდა, რადგან 4-წლიანი დედლაინი იწურებოდა… 2:0 ტოტენჰემთან და 13-წლიანი პაუზის შემდეგ, „ლივერპული“ ევროპის გვირგვინოსანია.
2019/20 – „ლივერპული“ 30-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონია. გუნდმა პირველად მოიგო პრემიერლიგა!
2021/22 – წითლები ისევ მინიმალური სხვაობით ჩამორჩებიან „სიტის“ და ლიგის ფინალში ისევ „რეალთან“ მარცხდებიან. გუნდმა ორივე ლოკალური თასი მოიგო და ჯერაც მიუღწეველ კვადრუპლს ბოლომდე ეპოტინა. „შემახსენეთ, სად იმართება შემდეგი ფინალი, სტამბოლში ხომ? – ბილეთები დაჯავშვნეთ“ – ასე გაამხნევა ქომაგი კლოპმა წაგებული ფინალის შემდეგ.
გეგენპრესინგზე არაფერი გვითქვამს. კლოპი იმ მწვრთნელთა ნუსხაშია, ფეხბურთს ახლებური სტილი რომ შესძინეს. რას ნიშნავს გეგენპრესინგი? – დაკარგული ბურთის შემდეგ პოზიციებზე განლაგებისა და პოზიციური დაცვის საპირისპიროდ, კლოპი კონტრპრესინგით, უმალ ართმევს მოწინააღმდეგეს ბურთს. ბევრმა დაიწყო ამ სისტემის ინტეგრირება, მაგრამ მთავარი გენერატორი ჰერ იურგენია. ფლანგის მცველების გავინგერებასა და მათი, როგორც შემტევის გამოყენებაზე ბევრს არაფერს გეტყვით. კლოპს ერთ მხარეს არნოლდი ჰყავს მეორეზე კი რობერტსონი. ამ მოთამაშეებმა (კლოპის თაოსნობით) ფლანგის მცველის ფუნქციონალს კურსი 90 გრადუსით უცვალეს!
კლოპზე წარმატებული მწვრთნელები არსებობენ, მაგრამ შედეგის მისაღებად არჩეული გზა, ეს უბრალოდ გასაოცარია. 6 წლის განმავლობაში „ლივერპულმა“ სუფთა 130 მილიონი დახარჯა ტრანსფერებში. (იგულისხმება შეძენილ მოთამაშეთა თანხას – გაყიდვიდან შემოსული სახსრები). ამ მხრივ, წითლები მე-10 ადგილზე არიან ლიგაში… „დორტმუნდზე“ რა გითხრათ? – კლოპმა ზღვა რაოდენობის ვარსკვლავი გამოჭედა. მოიყვანა გროშებად და გაუყიდეს ასეულ მილიონებად. „ლივერპულის“ ქომაგმა წელს მაგრად ინერვიულა. კლოპმა თქვა 2024 წელს კარიერას ვასრულებ, რადგან ტექნიკურ მოთამაშეებზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს ცხოვრებაშიო, მაგრამ მისმა მეუღლემ, ულამ დაიჟინა და კლოპომ კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი.
რაც აქ მოგიყევით, ნამდვილი მაგიაა. თანამედროვე რეალობაში, სადაც გუნდები მილიარდებს ხარჯავენ, კლოპს განსხვავებული ხედვა აქვს. ამ ადამიანს აქვს უიშვიათესი ხედვა. ზუსტად იცის, ვინ სჭირდება. 5 მილიონად შეძენილი რობერტსონი მსფოლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად აქცია. არნოლდი საერთოდ აკადემიიდან დააწინაურა. ლევანდოვსკის სანაცვლოდ ლეგიას 4 მილიონი გადაუხადა და პლონელი დეკადის ერთ-ერთ გამორჩეულ ფორვარდად აქცია. ნება მაქვს, მაგრამ მთლად ბიოგრაფიას ვერ დავწერ.
ეს იყო მოკლე რეზიუმე იმ უდიდესი, ეკლიანი გზისა, რომელიც იურგენ კლოპმა 20-წლიანი სამწვრთნელო კარიერის ჟამს განვლო!
GIPHY App Key not set. Please check settings