დღეს ის დღეა, მხოლოდ ერთი ფრაზა რომ გვიტრიალებს თავში – “რაგბი ჩვენი თამაშია”! 20 იანვარს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩს მასპინძლობს, სადაც ტურნირზე ქართული “შავი ლომის” ბედი გადაწყდება.
“შავი ლომისა” და “კლერმონის” დაპირისპირება 17:00 საათზეა დაგეგმილი. ტურნირის ფორმატის თანახმად, პლეი-ოფში 3 ჯგუფის ოთხ-ოთხი საუკეთესო ნაკრები გადის, რომელთაც ჩემპიონთა თასის ჯგუფების მეხუთეადგილოსნები დაემატებიან.
იმისათვის, რომ “შავი ლომი” ჯგუფიდან გავიდეს, “კლერმონთან” ბონუს ქულით უნდა მოვიგოთ, ანუ უნდა დავამიწოთ 4 ლელო. გარდა ამისა, ანგარიშში სხვაობა 8 ქულაზე მეტი უნდა დაფიქსირდეს.
გუშინ “შავმა ლომმა” მიხეილ მესხზე კაპიტნის ვარჯიში გამართა, რომელსაც საქართველოს ნაკრებისა და შავი ლომის ახალი მთავარი მწვრთვნელი – ინგლისელი რიჩარდ კოკერილიც ესწრებოდა.
“კლერმონს ქართულ რაგბისთან მჭიდრო კავშირი აქვს, მის რიგებში არაერთ ლეგენდარულ ქართველ მორაგბეს უთამაშია და ეს ფრანგების დამოკიდებულებაშიც ჩანს. ისინი თბილისში ფაქტობრივად უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდნენ. ვიცით, რომ ურთულესი იქნება გამარჯვება, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ.” – მერაბ (ბუკა) შარიქაძე.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩის დაწყებამდე “სარაგბო ზეიმი” მოეწყობა. 15:30-ზე სტადიონზე ლეგენდარული იამაიკელი მომღერლის – დაიანა კინგის კონცერტი გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც მოედანზე გადამწყვეტი მატჩის პირველი სასტვენი გაისმება.
ტრავმიდან ორი დაბრუნდა
ერთი კვირის წინ კასტრში გამართული მატჩის შემდეგ შერკინების ხაზში ოთხი ცვლილებაა. ტრავმა მოიშუშეს და ძირითად შემადგენლობაში ბრუნდებიან მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი და მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი.
ბაბუნაშვილს დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება, რომელიც ჩელენჯ თასის მატჩს ძირითადში პირველად იწყებს. მესამე ხაზში დამწყებთა შორის არიან სანდრო მამამთავრიშვილი და ილია სპანდერაშვილი.
ერთი ცვლილებაა პირველ ხაზში. კვაჭმა თენგიზ ზამთარაძემ ტრავმის შემდეგ პირველი შეხვედრა კასტრში ჩაატარა და თამაშში მარქაფიდან ჩაერთო, ამჯერად კი ძირითადშია. დამწყებთა შორის არიან ბურჯები – დათო აბდუშელიშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი.
წინა თამაშის შემდეგ უცვლელია უკანა ხაზი. გიორგი მარგალიტაძე ლუკა მატკავას შეუწყვილდება; ცენტრში მერაბ შარიქაძეს და გიორგი კვესელაძეს ვიხილავთ; ფრთებზე სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე იდგებიან, ფულბეკი კი მირიან მოდებაძე იქნება.
მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ, მეორეხაზელმა ნოდარ ჭეიშვილმა და მესამეხაზელმა გიორგი კერვალიშვილმა. ბურჯებად მარქაფაში არიან ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე, ხოლო ხაზში ალექსანდრე ჯიღაური, თორნიკე კახოიძე და ლუკა ცირეკიძე შევლენ.
2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი
მესამე ჯგუფი. მეოთხე რაუნდი
თბილისი. მიხეილ მესხი. 20 იანვარი. 17:00
შავი ლომი (საქართველო) – კლერმონი (საფრანგეთი)
შავი ლომი
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.
GIPHY App Key not set. Please check settings