საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ფინეთს დაუპირისპირდება – მეორედ, ბოლო 3 დღის განმავლობაში. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა 21 ნოემბერს ჰელსინკიში ფინეთი 90:83 დაამარცხა, დღეს კი სკანდინავიელებს ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე წრის მატჩში, ამჯერად შინაურ არენაზე დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლებს.
23 ნოემბერს, თბილისი არენაზე ფინეთის ნაკრებმაც ივარჯიშა და საქართველომაც. ორივე ნაკრებმა ფინეთიდან თბილისამდე ერთად, ჩარტერული რეისით იმგზავრა. სკანდინავიელები თბილისში სასო სალინის გარეშე ჩამოვიდნენ, რომელმაც ჰელსინკიში შედეგიანად ითამაშა, თუმცა ოჯახური პირობების გამო თავის გუნდს საქართველოში ვერ გამოჰყვა. სამაგიეროდ, ფინელებს შეუერთდათ ევროლიგაში მოთამაშე “პარიზის” წევრი მიკაელ იანტუნენი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილება არ არის. ჩვენი გუნდის განაცხადში ის 12 კალათბურთელი იქნება, რომელიც 21 ნოემბერს ფინეთთან მატჩში ვიხილეთ. საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელ ვარჯიშზე სრული, 15-კაციანი შემადგენლობა იყო, რომლებიც მწვრთნელს ძალიან არ დაუტვირთავს – მხოლოდ 1 საათი ავარჯიშა და ისიც – ძირითად კომბინაციებზე.
საქართველოს ნაკრებმა დღეს, დილას, 11:00 საათზე თბილისი არენაზე მსუბუქად ივარჯიშა,.
საქართველოსა და ფინეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი თბილისი არენაზე 19:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings