in

დრაჟენ პეტროვიჩი – კალათბურთის მოცარტის დაღუპვიდან 29 წელი გავიდა

დრაჟენ პეტროვიჩი – კალათბურთის ნამდვილი ლეგენდა იყო. შენს საქმეში რომ მოცარტს შეგარქმევენ, კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ორგზის ევროლიგის გამარჯვებული, ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ვერცხლის პრიზიორი, NBA-ის ოლ-სტარის მონაწილე, მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ძვირფასი მოთამაშე და კიდევ უამრავი გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდო, რომელიც პეტროვიჩმა ხანმოკლე კარიერის ჟამს მოაგროვა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ საკალათბურთო კარიერა „ციბონაში“ დაიწყო, სადაც უფროს ძმასთან ერთად თამაშობდა. რეკორდი რეკორდზე დაამხო. ერთხელ 112 ქულა ჩააგდო, ორჯერ გუნდთან ერთად ევროლიგაზე იჩემპიონა, საშუალოდ 30+ ქულას აგროვებდა და ყველა აალაპარაკა.

This image has an empty alt attribute; its file name is drazen-petrovic-cibona-kroz-noge-1024x576.png



1986 წელს „პორტლენდმა“ პეტროვიჩი დრაფტზე აირჩია, მაგრამ იმ მომენტში პეტროვიჩს სხვაგვარი გეგმა ჰქონდა. 1988 წლამდე „ციბონას“ უერთგულა და შემდეგ მადრიდის „რეალს“ მიაშურა. მაშინ იუგოსლავიაში მკაცრი წესები იყო. 28 წლამდე მოთამაშეს საზღვარგარეთ წასვლის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ… სპორტულმა აგენტმა ხოსე ანტონიო არისაგამ, რომელმაც საკვანძო როლი შეასრულა პეტროვიჩის მადრიდში გადაბარგებისას, 2014 წელს ტრანსფერი გაიხსენა:
„მაშინ ვესაუბრე მირკო ნოვოსელს, მაშინდელ “ციბონას” მთავარ მწვრთნელს და ორი რამ მითხრა: 1) იუგოსლავიაში ფულით ყველაფერი გვარდება და 2) ახლა ჩვენ რომ პეტროვიჩი გავუშვათ, შემდეგ ყველა 23 წლამდე მოთამაშე მოითხოვს იგივესო. თავად განსაჯეთ, რამდენი ადამიანისა და ორგანიზაციისთვის მომიწია გადახდა, რომ დრაჟენი წაგვეყვანა“.
ევროპული საზომით დაუჯერებელი გარიგება შედგა. პეტროვიჩს მადრიდელებისგან 5.5 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.

ასეთი წვალების მიუხედავად, საქმეში მალე „პორტლენდი“ ჩაერთო და პეტროვიჩს ოკეანის გადასერვა მოსთხოვა. მისი კარიერა ამერიკაში 1989 წელს დაიწყო და იმ ორ სეზონს, რომელიც ხორვატმა „პორტლენდში“ გაატარა, ალბათ, ყველაზე უსახური ეთქმის, ოღონდ ამის მიზეზი თავად არ ყოფილა. პირველ სეზონში მას პარკეტზე საშუალოდ 12.4 წუთს აძლევდნენ და 7.4 ქულა ურიგო არ ყოფილა. თუმცა ახალ სეზონში გუნდმა დენი ეინჯი დაიმატა და დრაჟენის სათამაშო დრო განახევრდა. „ადელმანის შესახებ არაფერს ვიტყვი, უბრალოდ გაოცებული ვარ. არასდროს ვმჯდარვარ თადარიგში და ამას არც ახლა ვაპირებ. მივდვიარ, რომ ყველას ვაჩვენო ჩემი რეალური ფასი“. „ბლეიზერსში“ ჩატარებული 95 მატჩიდან, არცერთი არ დაუწყია ძირითადში და ამის შემდეგ უკვე ნიუ-ჯერს „ნეტსის“ დრო დადგა. პირველ სეზონში საშუალოდ 20.6 ქულა, შემდეგ 22.3 და კუთვნილი ადგილი ყველა ვარსკვლავის მატჩში. მართლაც, ერთი ამოსუნთქვაა პეტროვიჩის კარიერა.


This image has an empty alt attribute; its file name is 539049134.jpg.0-1024x683.jpg

1993 წლის 7 ივნისს, პოლონეთთან გამართული საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ დრაჟენმა გადაწყვიტა საკუთარი მანქანით დაბრუნებულიყო ხორვატიაში. საჭესთან მისი შეყვარებული კლარა სალანტი იჯდა, დრაჟენს მგზავრის ადგილას ეძინა, ხოლო უკან პეტროვიჩის მეგობარი ჰილალ ედებალი იყო მოკალათებული. საპირისპირო მხრიდან მომავალმა სატვირთომ კონტროლი დაკარგა, მოცურდა და მიუხედავად მაფრთხილებელი სიგნალისა, 160 კმ/სთ სიჩქარით მიმავალმა “გოლფის” მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ეს ყველაფერი ძლიერი წვიმის ფონზე. სალანტი ჯერ ბეტონის კონსტრუქციას, შემდეგ კი სატვირთოს შეეჯახა. სალანტი და ედებალი გადარჩნენ, მძინარე პეტროვიჩს, რომელსაც უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა, აღარც გაუღვიძია.

თუკი ვინმეზე ითქმის ნაადრევად შემოაღამდაო, პეტროვიჩი ერთ-ერთი მათგანია, როგორც კარიერულ, ასევე ადამიანურ ნაწილში. მთლად კომეტასაც ვერ ვუწოდებთ, რადგან სახელის უკვდავყოფა მოახერხა. ბოლო-ბოლო მოცარტის სახელითაა ცნობილი და, ბევრის აზრით, ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი არა ნიკოს გალისი, ტონი პარკერი, დირკ ნოვიცკი ან არვიდას საბონისი (დონჩიჩისთვის ჯერ ძალიან ადრე), არამედ სწორედ დრაჟენ პეტროვიჩია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ძლიერია, მაგრამ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ

ყველაზე ძვირადღირებულები მსოფლიოში: მესი და რონალდო სიაში აღარ არიან