FC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.
34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა.
დვალიშვილი საქართველოში საკუთარ მწვრთნელთან, ჯონ ვუდთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაჰყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ს ღონისძიებას დაესწრება.
ქართველმა მებრძოლმა აეროპორტში მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
„ბედნიერი ვარ, რომ ქამარი დავიცავი. სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. დონალდ ტრამპთან საქართველო ვახსენე. მას ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურე. მითხრა, რომ კარგი ბრძოლა იყო და ჩემი ბრძოლა მოეწონა“, – განაცხადა დვალიშვილმა.
აეროპორტიდან სპორტსმენი რიყის პარკისკენ გაემართა, სადაც გულშემატკივრებს შეხვდება.
8 ივნისს ნიუ ჯერსიში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ UFC-იმ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა, სადაც მერაბ დვალიშვილი მეორე ადგილზეა.
დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო’მალი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა.
რეიტინგში მეორე ადგილი დვალიშვილის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. ის ახლა მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება, რომელმაც მსუბუქი დივიზიონი დატოვა და ქვესაშუალო წონის ქამრისთვის იბრძოლებს.
გაერთიანებულ რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ილია თოფურიამ, ადრე ის მესამე იყო, თუმცა 29 ივნისს მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირასთან გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, რეიტინგში კვლავ დაწინაურდება.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings