CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) მასშტაბური მოკვლევა ეხებოდა მაფიასთან დაკავშირებულ აზარტული თამაშებისა და სპორტული მატჩების შედეგებით მანიპულაციების სქემებს. ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, დაკავებულები არიან “მაიამი ჰიტის” მცველი ტერი როზიე და “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის” მთავარი მწვრთნელი ჩონსი ბილაფსი.
გამოძიება მოიცავდა ორ მსხვილ ოპერაციას, რომელთაგან ერთი იყო ორიენტირებული NBA-ის სხვადასხვა თამაშებზე ფსონების დასადებად შიდა, ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებაზე, ხოლო მეორე ეხებოდა იატაკქვეშა პოკერის თამაშებს, სადაც, აშშ-ის პროკურორ ჯოზეფ ნოჩელა (უმცროსი) განცხადებით, გამოიყენებოდა “მაღალტექნოლოგიური თაღლითობის სისტემა”, რომლის მეშვეობითაც ხალხს მილიონები მოჰპარეს.
“ბრალდებულებს შორის არიან მსხვილი ამერიკული კრიმინალური კლანის წევრები, ასევე, NBA-ის მოქმედი და ყოფილი მოთამაშეები და მწვრთნელები”, – განაცხადა ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა ჯესიკა ტიშმა.
“პორტლენდმა” უკვე განაცხადა, რომ ბილაფსის (“პორტლენდს” 2021 წლიდან ავარჯიშებდა) ნაცვლად მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ტიაგო სპლიტერი შეასრულებს.
“ჩვენ ვიცით ბრალდებების შესახებ, რომლებიც უკავშირდება ჩვენს მთავარ მწვრთნელ ჩონსი ბილაფსს. ვაპირებთ, სრულად ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. ბილაფსს დროებით ტიაგო სპლიტერი შეცვლის. ნებისმიერი შემდგომი კითხვით უნდა მიმართოთ NBA-ს ხელმძღვანელობას”, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
CNN ასევე დაუკავშირდა “მაიამი ჰიტს”, რომელმაც უარი თქვა ცალკე კომენტარზე მცველ როზიეს დაკავებასთან დაკავშირებით და NBA-ის ოფიციალურ განცხადებაზე მიუთითა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დეტალურად განმარტა, თუ როგორ გამოიყენეს NBA-ის რამდენიმე მოთამაშემ და მწვრთნელმა, მათ შორის “მაიამი ჰიტის” მცველმა როზიემ, არასაჯარო ინფორმაცია მოახლოებული თამაშების შესახებ იმისთვის, რომ სხვებს შესაძლებლობა მისცემოდათ, ამ თამაშებზე განთავსებული ფსონებით ფული მოეგოთ.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში მითითებულია რამდენიმე კონკრეტული მატჩიც. მაგალითად, 2023 წლის 23 მარტს, “შარლოტ ჰორნეტსისა” და “ნიუ ორლეან პელიკანსის” მატჩის წინ როზიემ (მაშინ “შარლოტში” თამაშობდა) თავის ძველ მეგობარ დენირო ლესტერს აცნობა, რომ თამაშს ნაადრევად დატოვებდა “ტრავმის” გამო. მატჩის მე-9 წუთზე მან მართლაც დატოვა მოედნი “ტრავმირებულმა”, რის შედეგადაც ვიღაც-ვიღაცებმა ათიათასობით დოლარის მოიგებს.
2023 წლის 24 მარტს, “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი” და “ჩიკაგო ბულსის” მატჩის წინ, აწ უკვე ბრალდებულმა ერიკ ერნესტმა მიიღო და შემდეგ გაავრცელა შიდა ინფორმაცია თავის ძველ მეგობარ ბილაფსზე, რომლის მიხედვითაც “პორტლენდის” რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ვერ მიიღებდა მონაწილეობას “ჩიკაგო ბულსთან” შეხვედრაში…
ასეთი თამაშების სია გრძელია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და საქმეში ახალი ფიგურანტების გამოჩენას…
lelo.ge



GIPHY App Key not set. Please check settings