თბილისის „დინამო “ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პოდგორიცაში ევროტურნირების დებიუტანტ „მორნარს“ ესტუმრა და წააგო – 1:2.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის შემადგენლობაში იყვნენ – 15 წლის საბა ხარებაშვილი, 18 წლის ნიკა ცეცხლაძე და 16 წლის ვახტანგ სალია, შეცვლაზე კი 17 წლის საბა სამუშიამ ითამაშა.
ჩვენებმა კარგად დაიწყეს და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს: მე-20 წუთზე შორიდან, დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმით. ორ წუთში დაცვაში შევცდით და მეტოქემ ისარგებლა.
მეორე ტაიმში ჩვენმა შეცვლებმა თამაში გამოაცოცხლა. სხირტლაძეს ანგარიშის შემცირება შეეძლო, მაგრამ ახლოდან კარს ააცილა. ვერ შეაგდეს სანტისმა და მოისწრაფიშვილმა. 84-ე წუთზე მასპინძლებს უხეშობისთვის კაცი გაუგდეს. მერე მეტოქის საჯარიმოში წაქცევისთვის არბიტრმა პენალტი არ დაგვიდო. „დინამომ“ ეს უპირატესობა სულ ბოლოს გამოიყენა: 90+4-ე წუთზე ნიკოლოზ უგრეხელიძემ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთი გაიტანა, სხვაობა მაინც შეამცირა და გუნდს უკეთესი შანსი დაუტოვა.
განმეორებითი შეხვედრა 18 ივლისს თბილისში გაიმართება. მატჩი „მიხეილ მესხზე“ ჩატარდება.
კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
მორნარი (ბარი, მონტენეგრო) – დინამო (თბილისი) 2:1
11 ივლისი. პოდგორიცა. “DG არენა ლიეშკოპოლიე”. 2 500 მაყურებელი
გოლები: 1:0 ჯურიშიჩი (21), 2:0 ვუშუროვიჩი (23. ჯურიშიჩის პასით), 2:1 უგრეხელიძე (90+4. სანტისის პასით)
დინამო: მაქაცარია, ხვადაგიანი, უგრეხელიძე, კალანდაძე, ხარებაშვილი (81. ბაგრატიონი), ლომინაძე (46. სხირტლაძე), ოსიყმაშვილი (69. მოისწრაფიშვილი) – ცეცხლაძე (46. სამუშია), საიმონი, სანტისი, სალია (70. იობაშვილი)
მწვრთნელი: ფერდინანდ ფელდჰოფერი
გაფრთხილება: დუბლიევიჩი (38), უგრეხელიძე (44), კალანდაძე (68), მოისწრაფიშვილი (86), ხვადაგიანი (87), ჯურიშიჩი (89)
გაძევება: სერატლიჩი (84)
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა მონტენეგროული გუნდის გახარებულმა მთავარმა მწვრთნელმა ზორან დურაშკოვიჩმა:
“ვიცით, რომ ევროპული თამაშისთვის ბოლომდე მზად არ ვიყავით, მაგრამ მონტენეგროს ფეხბურთს სახე გავუბრწყინეთ – ქართულ გიგანტთან ვითამაშეთ!
მათი ბიუჯეტი 25 მილიონ ევროს შეადგენს, რაც 50-ჯერ მეტია ჩვენსაზე!
ჩვენ ნამდვილ ფეხბურთს ვთამაშობდით, ისევე როგორც გასულ სეზონში. ბედნიერი ვარ ამ სამოთხეში ყოფნით. უნდა ითქვას, რომ ფეხბურთს მონტენეგროშიც თამაშობენ!
თუ თბილისშიც დღევანდელის მსგავსად ვითამაშებთ, გასვლის შანსი გვექნება.
უბრალოდ, უნდა ვისიამოვნოთ ამ მომენტით და არ ვინერვიულოთ იმაზე, თუ რა იქნება. მოხდეს ის, რაც მოსახდენია”.
GIPHY App Key not set. Please check settings