ლუქსემბურგის ნაკრები ისტორიული მატჩისთვის 24 მოთამაშით ემზადება. უკვე ყველა აცნობიერებს, რომ დაძაბულობა პიკს აღწევს. ლუქსემბურგულმა გამოცემა Lequotidien-ში ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ნახევარფინალამდე გამოქვეყნებულ წერილში საინტერესო დეტალებზე გაამხვილა ყურადღება…
“ლუქსემბურგულ ფეხბურთს თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე გიჟური დღეები უდგას, რომელიც მის ისტორიაში შეიძლება გარდამტეხი მომენტი გახდეს. ქვეყანა თანდათან ამით იწყებს ცხოვრებას.
საქართველო-ლუქსემბურგის საყურებლად ჩვენი მეტოქე ქვეყნის ყველა (შედარებით) დიდ ქალაქში ეკრანებს ამონტაჟებს. მწვრთნელი ლუკ ჰოლტცი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ნერვიულობს.
ჰოლტცი ამზადებს გუნდს ორ მეტოქესთან (ერთი – პოტენციური) სათამაშოდ, რადგან თუ მისი ბიჭები საქართველოში წარმატებას მიაღწევენ, საბერძნეთი-ყაზახეთი წყვილის გამარჯვებულს შინ შეხვდებიან”, – წერს Lequotidien.
ლუკ ჰოლტცმა თბილისში გამომგზავრებამდე გუნდში არსებულ ვითარებაზე, პრობლემებსა და იმედებზე ისაუბრა:
“დაძაბულობა თანდათან იზრდება. ფსიქოლოგიური მიდგომა ისეთივე უნდა იყოს, როგორიც გასული წლის ოქტომბერში სლოვაკეთთან გამართულ მატჩში იყო. ეს მოგვცემს მთავარ კონტინენტურ ტურნირზე გასვლის საშუალებას.
ჩვენ მას შიშის გარეშე, ძალიან კონცენტრირებულები მივუდექით, ყველანაირი ნერვიულობის იგნორირება შევძელით. თბილისში მეტი გამბედაობა დაგვჭირდება, ოღონდ, ამჯერად უფრო მშვიდები და ეფექტურები უნდა ვიყოთ.
იმ ემოციურ გარემოში, რომელიც თბილისში სავსე სტადიონზე გველოდება, ფეხბურთელებისგან სიბრძნეს ველი. ამიტომ, საჭირო იქნება, არბიტრის გადაწყვეტილებებიც მშვიდად მივიღოთ, მაშინაც კი, როცა ეს გადაწყვეტილებები არასწორად ან უსამართლოდ მოგვეჩვენება.
საქართველოს ნაკრებს ძლიერი თავდამსხმელები ჰყავს. მათ შეუძლიათ, განსხვავება შექმნან. ამიტომ, სიფხიზლე გვჭირდება. ეს გუნდი თამაშობს ისე, როგორც თავის დროზე – ვილი სანიოლი – არ არის გამორჩეული, მაგრამ ძალიან სერიოზული, მონდომებული და ორგანიზებულია. თუმცა საჩუქრებს არც ჩვენ დავარიგებთ”, – ამბობს ჰოლტცი.
ლუქსემბურგის პრობლემები
ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლტცმა ჯერ კიდევ არ იცის დაზუსტებით, საქართველოსთან ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში უნდა ჰქონდეს თუ არა რამდენიმე ლიდერის იმედი…
ჩვენი მეტოქის მწვრთნელ ლუკ ჰოლტცს მოუწევს რამდენიმე მოთამაშის არყოფნასთან შეგუება, რომელთაგან ორი – მარჯვენა ფლანგზე თამაშობს. “ზანკტ პაულის” თავდამსხმელი დანელ სინანი დისკვალიფიცირებული რომაა, ეს დიდი ხანია ვიცით. აზერბაიჯანული “საბაჰის” ფლანგის შემტევ ვენსან ტილს კი ჯვარედინი იოგები დაუწყდა და ნათელია, რომ დიდხანს მოუწევს უქმობა.
მისი ძმის, უკრაინული “ჩერკასის” ცენტრალური ნახევარმცველის, ოლივიე ტილის თამაშიც საეჭვო იყო, რადგან უკრაინული გამოცემების ცნობით, ტერფის ტრავმის გამო გამაყუჩებლებით მოუხდა თამაში. მაგრამ ის ახლა გუნდშია და ეჭვები მოხსნილია.
ასევე მნიშვნელოვანი დანაკლისია ავსტრიული “ზანკტ პიოლტენის” მარცხენა შემტევის, დირკ კარლსონის არყოფნა, რომელსაც კუნთების პრობლემა ჰქონდა. ასევე ვერ ითამაშებს გერმანული “მაინცის” ნახევარმცველი ტიმოტე რიპილი, რომელმაც ფეხი მოიტეხა.
ვენის “აუსტრიის” ცენტრალური მცველი მარვინ მარტინსიც ტრავმირებული იყო. თუმცა ის ჰოლტცის გუნდში საკვანძო ფიგურაა და მაინც გამოიძახეს. წინასწარი ინფორმაციით, შეიძლება დავასკვნათ, რომ მარტინსი თბილისში სათამაშოდ მზად არ იქნება.
ამის გამო, ჰოლტცმა მიიწვია ცენტრალური მცველი ვაჰიდ სელიმოვიჩიც, რომელიც ბოსნიური პრემიერ ლიგის კლუბ “ჟელეზნიჩარში” თამაშობს. ის გუნდში რამდენიმეთვიანი არყოფნის შემდეგ დაბრუნდა.
ამ ყველაფერს დაემატა “სლოვანში” ქართველების თანაგუნდელის, ჟერსონ როდრიგეშთან დაკავშირებული სკანდალი. ოჯახური ძალადობის ბრალდებას ფლანგის შემტევს მხოლოდ ფლეი-ოფის მატჩების შემდეგ წაუყენებენ.
ლუქსემბურგის ნაკრებში თამაშზე საბოლოო უარი თქვა სერია A-ს კლუბ “მონცას” გარემარბმა დანი მოტამ, რომელზეც ჰოლტცი სინანის არყოფნაში დიდ იმედებს ამყარებდა. მაგრამ მისით პორტუგალიის ნაკრები დაინტერესდა და ევროპის ჩემპიონატზე ამ გუნდის სახელით თამაშს იმედოვნებს.
“მონცას” თავდამსხმელი პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა პირველად გამოიძახა შვედეთთან 21 მარტს და სლოვენიასთან ხუთი დღის შემდეგ დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის. 25 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს ეგიდით ჩატარებულ 28 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. აქედანაც ჩანს, 21 მარტს თბილისში რა დონის მოთამაშე ვერ დაგვიპირისპირდება…
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings