რადიო “ფორტუნამ” ახალი სპორტული გადაცემა „sport4me” დაიწყო, რომლის მოსმენაც ყოველ შაბათს, 12:00 საათზე შეგიძლიათ (FM106.9). ევროპის ერთა ლიგის მატჩების გათვალისწინებით, სადებიუტო გადაცემის სტუმარი ქართველი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახლდათ. ხსენებული გადაცემა, ბულგარეთთან მატჩის წინა დღეს გავიდა ეთერში, შესაბამისად, განხილულია საწყისი 3 მატჩი.
განვლილი სამი მატჩის მოკლე შეფასება:
„ძალიან კარგ ხასიათზე ვართ. ეს ყველაფერი ამ 3 მატჩით არ დაწყებულა, რადგან ნაკრებს 8 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს და ამხანაგურმა მატჩებმა მენტალური ბუსტი გამოიწვია. რთულად მახსენდება შემთხვევა, რომ ნაკრებს ოპტიმალური შემადგენლობით ეთამაშოს, ეს უდიდესი მოვლენაა. გამოძახებული 29 მოთამაშიდან ყველა ხელმისაწვდომი აღმოჩნდა, რაც სანიოლისათვის სერიოზული კატალიზატორი აღმოჩნდა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩების დაგეგმვას, შედეგი ყველაფერზე მეტყველებს. 3 მატჩი 12 გატანილი, 2 გაშვებული და მოპოვებული 9 ქულა. მწვრთნელის პერსპექტივიდან, სტაფს საქებარი სიტყვების მეტი არაფერი ეკუთვნის, რადგან თითოეულ მატჩზე ნაკრები ტაქტიკურად სწორად იყო მომზადებული. მაგალითად გიბრალტართან ორივე განაპირა მცველად ვინგერები მოგვევლინენ, რადგან დაცვითი სამუშაო ნაკლებად თუ დაგვჭირდებოდა, რასაც ვერ ვიტყვით მაკედონიასა და ბულგარეთზე. იქ უკვე კაკაბაძეს და აზაროვს ვხედავდით ფლანგებზე. რაც შეეხება გიბრალტარს, ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის არასასიამოვნოა, რადგან მათი აპრიორი გოლის გატანა არ არის. ისინი უბრალოდ კარის მშრალად შენახვას ცდილობენ და დაცვითი ბლოკების გადალახვა ჭირს. გაიხსენეთ ბულგარეთთან ნათამაშები 1:1. ჩემთვის, ყველაზე მნიშნელოვანი მოთამაშეების რწმენაა. მათ ეტყობათ, რომ სჯერათ გამარჯვების“.
ბუდუ ზივზივაძის ბულგარეთის ნაკრების კარში გატანილი გოლის მნიშვნელობა და მენტალური პროგრესი:
„მიუხედავად გოლის გაშვებისა, საქართველოს ნაკრები წამოვიდა და შემდეგ შეტევაში გოლი გaიტანა. ადრე ამას ვერ ვხედავდით, მაგრამ უმიზეზოდ არაფერი ხდება. ნაკრების მოთამაშეთა უმრავლესობას უკვე გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. რამდენი მოთამაშეა ბათუმის „დინამოდან“, რომლებმაც ჩემპიონობა იზეიმეს. იქ დანიისა და სლოვაკეთის ჩემპიონები გვყავს. ასევე კვარაცხელია, დავითაშვილი კიტეიშვილი და კიდევ ბევრი სხვა. ამ მოთამაშეებს არ აინტერესებთ მათ წინააღმდეგ ვინ თამაშობს. გამოდიან და აჩვენებენ იმას, რაც მათ იდენტობაშია, შესაბამისად ადრე რაც წარმოუდგენელი იყო ახლა რეალურია და თითქოს ვერ მოსაგებ თამაშებს ეს ბიჭები 3 ქულაში თარგმნიან“.
გაახალგაზრდავების პროცესი ნაკრებში:
„დღეს ნაკრების ძირითად ბირთვს ახალგაზრდები წარმოადგენენ. ადრე პირიქით იყო რამდენიმე ახალგაზრდა და ბევრი გამოცდილი. დღეს ყველაფერი შეცვლილია და ამ მოთამაშეებს კიდევ უფრო დიდი რესურსი აქვთ, მთავარია სწორი განვითარება და მაქსიმუმის მიღება. ბევრჯერ მსმენია ნაკრების მწვრთნელისაგან, რომ ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელის გამოძახებას აზრი არ აქვს და იძახებდნენ უბრალოდ სახელს, ჭარბი წონით და უთამაშებლობით. ვილი სანიოლმა ეს ყველაფერი შეცვალა. ფაქტია, რომ ამ ბიჭებს თამაში შეძლებიათ უბრალოდ თუ ვერ გამოიყენებ, შემდეგ იწყება პრობლემები“.
სად გვიჭირს ყველაზე მეტად
„ბავშვთა ინფრასტრუქტურა, მწვრთნელები და იქ არსებული მწირი ფინანსები. ამ პრობლემების გადაჭრის გარეშე ვერასდროს მივუახლოვდებით ევროპულ სტანდარტს. მოთამაშეები უმაღლეს ლიგაში ისე მოდიან, რომ ფიზმომზადების მწვრთნელთან არ აქვთ ნამუშევარი. შემდეგ გასაკვირია, რატომ ტრავმიანობენ ქართველები ევროპაში. მწვრთნელების მხრივაც ბევრია სამუშაო, აქ ჩემს თავსაც ვგულისხმობ. ამ მიმართულებით ინვესტიციების გარეშე, თაობები წარმატების გარეშე ჩაიქროლებს“.
GIPHY App Key not set. Please check settings