საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.
მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ესპანეთსა და ბულგარეთთან მატჩები მომავალი შესარჩევისთვის სათანადოდ მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს:
„გამოგვაკლდა რამდენიმე ფეხბურთელი, თუმცა ნაკრებში გვყავს ახალი სახეები. გუნდის შენების პროცესში ვართ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპსა და ერთა ლიგას კარგად მომზადებულები შევხვდეთ.
მეორე ადგილის თეორიული შანსი გვაქვს. რთული პერიოდი გამოცდილებაა, თუ გამოვა, ძალიან კარგი. როცა სამმცველიან ტაქტიკაზე გადავედით, ცუდად წავაგეთ, მაგრამ სულ მჯეროდა, ეს გაამართლებდა. პირველი წელი კარგი არც ლუის ენრიკეს ჰქონია.
როდესაც მაღალი დონის ფეხბურთელებს კარგავ, შეიძლება, შედეგიც უარყოფითი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია საქმისადმი მიდგომა, პროფესიონალიზმი და არა ერთი კონკრეტული ტაქტიკა.
უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, მეტ წარმატებას რომ მივაღწიოთ კუთხურებზე საშინლად ვითამაშეთ, მაგრამ სტანდარტულების დროს ტაქტიკა არ შეგვიცვლია, აქედან გამომდინარე პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ დამოკიდებულებაშია.
ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი სტანდარტულებისთვისაც გვჭირდება და სხვა რამეებისთვისაც, მაგრამ ფედერაცია ინგლისურ კლუბებს ვერ შეეჯიბრება. 6 თვის წინ სტანდარტულების დროს ჩვენ პრობლემებზე არავის საუბრობდა, პირიქით, გაკვირვებულები იყვნენ.
ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის ცხოვრებისეული მომენტი იყო, როდესაც მეგობრებთან ერთად წვეულებაზე მიდიხარ და რამდენიმე დღე გჭირდება, რომ გონს მოხვიდე.
დიდ წარმატებას მივაღწიეთ, შემდეგ ასე გაგრძელება რთულია და ამას ველოდით. რთულია, დიდი წვეულების შემდეგ ყოველდღიურობას დაუბრუნდე. თაობათა ცვლა გვაქვს, წავიდნენ გველესიანი და კვირკველია, კაშიას ასაკი მოემატა. დაცვაში კარგი ახალგაზრდები გვყავს. ნაკრების გარემოს ადრევე უნდა შეეჩვიო და ნარიმანიძე აქ ამიტომაცაა. სიგუას ახლა კარგი პერიოდი აქვს, მის მწვრთნელს ვესაუბრე”.
15 ნოემბერს საქართველო ესპანეთს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი ბულგარეთს ესტუმრება.


GIPHY App Key not set. Please check settings