ბოსნიურმა გამოცემა sportsport-მა გიორგი გულიაშვილზე სტატია გამოაქვეყნა და „სარაევოს“ ქართველ ლეგიონერს „ფენომენალური თავდამსხმელი“ უწოდა.
„გიორგი გულიაშვილი „სარაევოში“ რჩება. სხვადასხვა კლუბებიდან მიღებული შეთავაზებების მიუხედავად, ფენომენალურმა ქართველმა თავდამსხმელმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. მისი შეძენა „ფერენცვაროშს“, „ცრვენა ზვეზდას“, ასევე იტალიის, ბელგიისა და საუდის არაბეთის კლუბებს სურთ.
შეთავაზებები საკმაოდ სოლიდურია. „სარაევომ“ ორ მილიონ ევროზე მეტ თანხაზე უარი თქვა, 23 წლის ფეხბურთელმა კი კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. გულიაშვილი მართლაც ფენომენალურად თამაშობს, მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გულიაშვილი „სარაევოში“ 2023 წლის იანვარში ჩაირიცხა, მაგრამ ქართველი თავდამსხმელი თავიდან შედეგიანობით ვერ გამოირჩეოდა და სპეციალისტებმა ეს ტრანსფერი წარუმატებელად მიიჩნიეს. „სარაევომ“ ქართველი იჯარით „ველეჟში“ გაუშვა და მან გასული სეზონი მოსტარის კლუბში გაატარა, სადაც შთამბეჭდავად ათამაშდა.
დაბრუნების შემდეგ გულიაშვილი „სარაევოშიც“ შესანიშნავად გამოდის. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ევროპელ სელქციონერებსა და მენეჯერებს, რომლებიც „სარაევოს“ მატჩებს ხშირად ადევნებენ თვალს. ზოგიერთმა მათგანმა კლუბს ტრანსფერის სანაცვლოდ ორ მილიონ ევროზე მეტი და შემდეგი გაყიდვიდან პროცენტი შესთავაზა, მაგრამ საბოლოოდ, ფეხბურთელმა „სარაევოში“ თამაში გადაწყვიტა“, – წერს ბოსნიური გამოცემა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings