კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რამდენიმე ქართველმა ითამაშა, გიორგი ქვილითაიამ და გიორგი გულიაშვილმა კი გოლები გაიტანეს.
გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეას“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. გულიაშვილმა (გუნდის კაპიტანი იყო), მე-20 წუთზე ანგარიში გაზარდა – მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი, საკმაო სიმაღლიდან, ერთი შეხებით, ნახევარბრუნში შორეულ კუთხეში გაჭედა. ძალიან ლამაზი იყო.
მექვაბიშვილი სათადარიგო იყო და არ უთამაშია.

ლიმასოლის „არისმა“ საკუთარ მოედანზე უნგრეთის „პუშკაშ აკადემია“ 3:2 დაამარცხა. გიორგი ქვილითაია ძირითადში იყო და პენალტიდან ანგარიში 2:0 გახადა. ქართველი თავდამსხმელი მე-60 წუთზე შეცვალეს.
აზერბაიჯანული „ზირა“ ხორვატულ „ჰაიდუკს“ დაუზავდა – 1:1. „ზირაში“ გიორგი პაპუაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, დავით ვოლკოვმა – 79 წუთი.
შედგა სანდრო ნარიმანიძის ევროდებიუტი სლოვაკეთის „ჟილინაშ“: 19 წლის ქართველმა მცველმა პოლონეთში „რაკუვთან“ შეუცვლელად ითამაშა, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.
გამარჯვება მოიპოვა შოტლანდიაში ტრნავის „სპარტაკმა“, რომელმაც „ჰიბერნიანსი“ 2:1 დაამარცხა. გიორგი მოისწრაფიშვილი სლოვაკური გუნდის განაცხადში იყო და მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა.
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „შახტარმა“ სტუმრად „ბეშიქთაში“ დაამარცხა – 4:2. გიორგი გოჩოლეიშვილი 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ირაკლი აზაროვი კი სათადარიგო იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings