ბოსნიის ჩემპიონატში გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ სტუმრად „იგმანს“ შეხვდა და 3:0 მოუგო. პირველ ტაიმში ქართველი თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ დარჩაშ, მაგრამ შანსით ვერ გამოიყენა.
ნიკა კვეკვესკირი ერთთვიანი პაუზის შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატში „ნირედიჰაზას“ განაცხადში მოხვდა. „ზალაეგერშეგთან“ შეხვედრაში (1:1) ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე პასი მიითვალა.
სანდრო ალთუნაშვილი „ვოლფსბერგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „ზალცბურგთან“ შეხვედრაში.
გიორგი გოჩოლეიშვილმა დანიაში გადასვლის შემდეგ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. „კოპენჰაგენი“ „ბრონდბიუს“ ესტუმრა – 0:0. ქართველმა მცველმა 7.5 ქულა დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში ისევ გაიტანა და „არისს“ „ნეა სალამინასთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 2:1.
ქართველმა თავდამსხმელმა მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში. კუთხურის მოწოდების შემდეგ სტუმრების მეკარემ და მცველმა შეუთანხმებლად ითამაშეს და ქვილითაიამ დამატებაზე ყველას დაასწრო.
სამწუხაროდ, ჩვენიანი დაშავდა და 32-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.
გიორგი გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა, მისმა „პერსეპოლისმა“ შინ „შამს აზარი“ 2:0 აჯობა.
სლოვაკეთის თასის 1/16-ფინალში გურამ კაშიას „სლოვანმა“ გასვლაზე „სპისკა ნოვა“ 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გადატვირთული კალენდრის გამო სუსტ მეტოქესთან დაასვენეს.
უკრაინის პირველობაზე შოთა ნონიკაშვილი ზედიზედ მეშვიდედ გამოჩნდა „ჩერკასის“ ძირითად შემადგენლობაში, რომელიც გასვლაზე „კრივბასთან“ 1:3 დამარცხდა. სტუმრებმა ერთადერთი გოლი ქართველი ნახევარმცველის პასით გაიტანეს.
პოლონეთში საგოლე პასით თავი გამოიჩინა ოთარ კაკაბაძემ. ქართველმა მცველმა „კრაკოვიას“ უკაპიტნა, რომელმაც „მოტორი“ 6:2 დაამარცხა. ქართველმა მცველმა 79-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დატოვა თანაგუნდელი. მისი შეფასება 7.4-ია.
საბერძნეთში მორიგი შესანიშნავი მატჩი ითამაშა ლუკა გუგეშაშვილმა „პანსერაიკოსის“ რიგებში. მისმა გუნდმა ათენის აეკ-ს უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ 27-ე წუთზე ქართველის გუნდი კაცნაკლული დარჩა, ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი 1:0 დაამარცხა. გუგეშაშვილმა ხუთიდან ხუთი სახიფათო დარტყმა მოიგერია და 7.6 ქულა დაიმსახურა.
GIPHY App Key not set. Please check settings