დღეს გვიან ღამით ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი ¼ ფინალისტი გაირკვევა. ფავორიტები აშკარად გამოკვეთილია და რა უნდა მოხდეს, „რეალი“ და „ნაპოლი“ რომ ვერ გავიდნენ. თუმცა საქმე ბოლომდეა მისაყვანი, მით უმეტეს, რომ ნეაპოლელთა გერმანელი მეტოქე იმუქრება. მოკლედ, თამაშის წინ პრესკონფერენცია გაიმართა და მწვრთნელებმა თავისი სიტყვა თქვეს.
ლუჩანო სპალეტი:
„ეს მატჩი სეზონის პირველი ფინალია. ჩვენი სახელები შესაძლოა კლუბის ისტორიაში ჩაწეროს. არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები წნეხის ქვეშ მოექცევიან, რადგან უკვე უამრავ მსგავს გამოცდას გაუმკლავდნენ. მინდა, ვნახო გუნდი, რომელსაც შედეგის მიღწევა უნდა.
უნდა დავივიწყოთ, რაც ფრანკფურტში მოხდა და ფოკუსირება საპასუხო მატჩზე შევძლოთ. ვიცით, რომ რთული შეხვედრა გველოდება.
ჩვენი მხრიდან მეტოქის უპატივცემულობა უპატიებელი შეცდომა იქნება. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ უკვე მომდევნო ეტაპზე ვართ. ამიტომ დაგვჭირდება გონიერება, გული და ცოტა იღბალი. ჯერ შანსები ისევ 50/50-ზეა. „აინტრახტი“ შეეცდება, რაღაც განსხვავებულად გააკეთოს, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“.
ოლივერ გლასნერი:
„ბიჭების განწყობა პოზიტიურია. ბოლო ვარჯიში ძალიან კარგად ჩავატარეთ. 0:2 ჩამორჩენა უნდა აღმოვფხვრათ.
კოლო მუანის და ლინდსტრიომის არყოფნა? „აინტრახტის“ განსაკუთრებულობა იმაშია, რომ შეგვიძლია გამოკლებული ფეხბურთელების შეცვლა, მეტადრე თავდასხმასა და ნახევარდაცვაში.
„ნაპოლი“ ძალიან აგრესიულ პრესინგს თამაშობს. ამ ვითარებიდან გამოსავალი უნდა ვნახოთ.
პირველი მატჩის გასაანალიზებლად ბევრი დრო გვქონდა. ამოცანა ნათელია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძირითად დროში ორი გოლი გავიტანოთ და საბოლოოდ მეოთხედფინალში გავიდეთ.
იდეალური ვარიანტი სამი გოლის გატანაა. იყოს პენალტების სერიაში გამარჯვებაც. ამისათვის იმის ჩვენება მოგვიწევს, რაც შეგვიძლია. ჩვენ კი ბევრი რამ შეგვიძლია“.
შეგახსენებთ, ფრანკფურტში ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩი „ნაპოლის“ გამარჯვებით დასრულდა – 2:0.
ასევე ცნობილია, რომ გულშემატკივართა შორის დაპირისპირების შიშის გამო გერმანელ ქომაგებს თამაშზე დასწრების უფლება არ მისცეს.
GIPHY App Key not set. Please check settings