ახალგაზრდა ფეხბურთელს საბა გოგლიჩიძეს ეს დღე ალბათ არ დაავიწყდება. მას დებიუტი ჰქონდა სერია ა-ში და თან როგორი: ითამაშა ძირითად შემადგენლობაში (ბოლომდე, შეუცვლელად), ითამაშა დამაჯერებლად და მისი შეფასებებიც ამის დასტურია – Flashscore.com – 7.4; Sofascore.com – 7.1; Whoscored.com – 7.2.
გოგლიჩიძის „ემპოლი“ კი „ბოლონიას“ დაუზავდა – 1:1.
რაც შეეხება “ემპოლის” კიდევ ერთ ქართველ მცველს, საბა საზონოვს, რომელიც “ტორინოდან” იჯარით გადავიდა, სათადარიგო იყო.
ლიგა 1-ის მე-3 ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „ბრესტთან“ 0:4 დამარცხდა და სამიდან სამი წაგება აქვს.
ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: flashscore – 6.3, sofascore – 6.3, whoscored – 6.2.
უგოლო და უქულო „სენტ-ეტიენი“ 14 სექტემბერს „ლილს“ უმასპინძლებს.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ შინ „უესკასთან“ 1:3 დამარცხდა. გიორგიმ 72 წუთი ითამაშა. შეფასებები: Flashscore.com – 6.5; Sofascore.com – 6.7.
საბერძნეთის სუპერლიგაში ლუკა გუგეშაშვილმა ზედიზედ მესამე თამაში ჩაატარა „პანსერაიკოსის“ ძირითად შემადგენლობაში, რომელიც „პანეტოლიკოსთან“ სტუმრად 0:3 დამარცხდა. ქართველმა მეკარემ გუნდი ოთხჯერ გადაარჩინა აშკარა გოლისგან.
კვიპროსის ჩემპიონატში გიორგი ლორიას „ომონია“ ლიმასოლში აელ-ს ესტუმრა და 0:1 წააგო. გიორგიმ სრულად ითამაშა.
პოლონეთში, „კრაკოვიას“ კაპიტანმა, ოთარ კაკაბაძემ სრულად ითამაშა „რადომიაკთან“ მატჩში, რომელშიც ქართველის გუნდი 1:2 დამარცხდა.
ირანში, გიორგი გველესიანის „პერსეპოლისმა“ 2:0 დაამარცხა „ფოლადი“. გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings