სერია A-ს მე-9 ტურში “იუვენტუსმა” “უდინეზეს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში საბა გოგლიჩიძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. სამწუხაროდ, საბას მოქმედებებს “უდინეზეს” კარში 2 პენალტი მოჰყვა.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა დებიუტში ვლაჰოვიჩი წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა. მატჩი ორმხრივი შეტევების ფონზე მიმდინარეობდა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ნიკოლო ძანიოლომ სხვაობა აღადგინა.
მეორე ტაიმში “ბებერი ქალბატონი” გააქტიურდა, თუმცა მომენტების გარეშე არც სტუმრები დარჩნენ. 49-ე წუთზე “ბიანკონერის” საჯარიმოში გოგლიჩიძემ კალულუს საჰაერო ორთაბრძოლაში აჯობა და ბურთი თავით კარისკენ გადაგზავნა, თუმცა დი გრეგორიომ ურთულესი ბურთი მოიგერია. მოწოდების სიმაღლეზე იყო “უდინეზეს” მეკარეც, მადუკა ოკოიემ საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა, მაგრამ 67-ე წუთზე ფედერიკო გატის დარტყმულ ბურთს ვერაფერი მოუხერხა და “იუვე” წინ გავიდა. შეხვედრის ბოლოს საბამ საჯარიმოში ქენან ილდიზის წინააღმდეგ იუხეშა, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ კი შეხვედრაში მეორე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად თავად თურქმა ფეხბურთელმა აქცია და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ “ბიანკონერიმ” ყველა ტურნირზე 8-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

იუვენტუსი – უდინეზე 3:1
გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (5, პენ), 1:1 ძანიოლო (45+1), 2:1 გატი (67), 3:1 ილდიზი (90+6, პენ)
“უდინეზე” 12 ქულით მე-9 ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს “ატალანტას” უმასპინძლებს. “იუვენტუსი” 15 ქულით ჯერჯერობით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და იმავე დღეს სტუმრად “კრემონეზეს” შეხვდება, სადაც დიდი ალბათობით ტურინულ გუნდს ლუჩანო სპალეტი უხელმძღვანელებს.
sportall.ge

GIPHY App Key not set. Please check settings