in

გიორგი მიქაუტაძე: როდესაც ვუყურებ, როგორ ამზადებს დედა ამ კერძს, ვხვდები, რომ რთული გასაკეთებელია…

გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც “მეცის” შემადგენლობაში უკვე 12 გოლი აქვს გატანილი და საფრანგეთის მიმდინარე ლიგა 2-ის თანაბომბარდირია, Lessentiel-თან ინტერვიუში საკუთარ მომავალზე, კვების რეჟიმზე, ქართულ სამზარეულოსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა…

როგორ ახსნით, რომ სხვა მოთამაშეებთან შედარებით გვიან გაიხსენით?

თავიდან ჩემი არ სჯეროდათ და “სერენში” წავედი. ცოტა ხნით “მეცში” კი დავბრუნდი, მაგრამ კიდევ ერთი წლით ბელგიაში გადავედი. მნიშვნელოვანია, რომ უკან დასაბრუნებელი გზები არ მოჭრილა. ამან საშუალება მომცა აქ მოვსულიყავი და ლიგა 2-ში ბომბარდირიც გავმხდარიყავი.

კარიერის დაწყებისას გესმოდათ, რომ გარკვეულ მსხვერპლზე მიდიოდით?

დიახ, ასეა. მაგალითად, ვცდილობ სწორად ვიკვებო და საკუთარ თავზე მეტი ვიმუშაო. მაგრამ ამ მსხვერპლის გაღებისთვის ყველაფერი უკან გიბრუნდება.

დიეტას კონკრეტულად როგორ ადგენ?

დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მყავდა დიეტოლოგი, რომელიც ზრუნავდა ჩემს კვებაზე, მთელი კვირის რეცეპტებს მაძლევდა, რომლითაც სახლში საკვებს ვამზადებდი.

სამზარეულოს საქმეებს როგორ უმკლავდები?

ხანდახან, როცა რეცეპტები ძალიან რთულია, ტელეფონზე დედას ვურეკავ (იცინის), რომელიც შესანიშნავი მზარეულია. მას განსაკუთრებით კარგად ქართული კერძები გამოსდის. ჩემი საყვარელი საჭმელი ხინკალია. ეს არის ხორცის კერძი, რომელსაც მიკეთებს ხოლმე, როდესაც სახლში მივდივარ.

მისი დამზადება ჯერ თავად არ შეგიძლია?

(იცინის) ჯერ არ მიცდია. როცა ვხედავ, დედაჩემი როგორ ამზადებს ხინკალს, ვხდები, რომ ეს რთული გასაკეთებელია…

გრძნობთ, რომ გულშემატკივრის ფავორიტი გახდით?

დიახ. ეს შედეგებისა და გოლების დამსახურებაა, რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ. “ნიმთან” მატჩში, როდესაც მოედანზე გავედი, ოვაციებით შემხვდნენ და ქუჩაშიც ხალხი ნელ-ნელა მცნობს.

შესაძლებელია თუ არა, რომ მომდევნო სეზონში “მეცში” დარჩეთ?

რა თქმა უნდა! ჩვენ ლიგა 1-ში გადასვლისთვის ვიბრძვით და თუ ეს მოვახერხეთ, რატომაც არა, დავრჩები.

რომელი ჩემპიონატი მოგწონს?

ყოველთვის ვამბობდი, რომ ინგლისის ჩემპიონატი მომწონს.

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული აჟიოტაჟი ხომ არ გიგრძვნიათ?

ქართველი ფეხბურთელები ევროპაში კარგ დონეზე გადიან. “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილია, ზურიკო დავითაშვილი “ბორდოშია”… რა თქმა უნდა, კარგის მოლოდინი არის. ჩვენ ახალგაზრდული ნაკრები გვყავს, ამიტომ წინ გვაქვს დრო, რომ დასახული ამოცანები გადავჭრათ და ერთ დღესაც დიდ ტურნირზე ვითამაშოთ.

ევრო 2024-ზე გასვლას უმიზნეთ თუ ამაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია?

დიახ, სწორედ ამაზე ვართ ახლა ორიენტირებული და ვნახოთ, თამაშები როგორ წაგვივა. ნორვეგიასთან და ესპანეთთან საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით. მაგრამ შეუძლებელი არაფერია და ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.


lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ყველაზე სასარგებლოა

მესი, გელოდებით. მერი ნარკომოვაჭრეა, ის ვერ გიშველის: როსარიოში სუპერმარკეტი დაცხრილეს, რომელიც ლეოს ცოლისიანებს ეკუთვნით