5 წლის გიორგი კვერნაძე თბილისის მტვრიან ქუჩებში ეზოს თანატოლებთან ბურთის თამაშისას ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ უამრავი დაბრკოლებისა და ბათუმის “დინამოში” ექვსთვიანი სათამაშო პრაქტიკის არქონის მიუხედავად, მის მიმართ იტალიური “ფროზინონე” ინტერესს გამოავლენდა და ახლა უკვე 20 წლისას სერია A-ში დებიუტიც ექნებოდა…
რამდენიმე დღის წინ “ფროზინონეს” პრესსამსახური დავითანხმე რომ ქართველთან ინტერვიუს ჩაწერის უფლება მოეცათ.
“ვნახოთ, აბა, თუ შევძლებთ, რომ სატელეფონო ინტერვიუ 26 სექტემბერს ჩაგინიშნოთ”, – მწერს მასიმილიანო მარტინელი. მალევე დამიდასტურა თარიღი და ინტერვიუს დროზეც შევთანხმდით.
გიორგის ჩემი ხმის გაგონება გაუკვირდა. პროფესიულად პირველად გადავიკვეთეთ, ლამის დავინახე მისი გაოცებული სახე. ინტერვიუს ჩასაწერად 40 წუთი გვქონდა, შემდეგ კი გუნდის ვარჯიშიც დაიწყებოდა…
…”თავდაპირველად ფეხბურთს ეზოში, ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი, – იხსენებს გიორგი, რომელთან ინტერვიუ “ფიორენტინასთან” მატჩამდე მქონდა შეთანხმებული, – “მშობლებმა გადაწყვიტეს ვარკეთილში, სახლთან ახლოს საფეხბურთო სკოლაში შევეყვანე.
პირველი მწვრთნელი რომა ორდინიძე იყო. სისწრაფით გამოვირჩეოდი და მწვრთნელმა მიიჩნია, რომ ჩემი ადგილი თავდასხმაში იყო. წლების განმავლობაში ამ პოზიციაზე ვთამაშობდი. ორი წლის წინ კი, საფეხბურთო კლუბ “თელავში” გადასვლისას, სათამაშო პოზიცია შევიცვალე და ფლანგის შემტევად ჩამოვყალიბდი. ამ შემთხვევაშიც ჩემში პოტენციალი მწვრთნელმა დაინახა. გამომდინარე იქიდან, რომ კაცს მარტივად ვატყუებდი და უფრო სწრაფი ვიყავი, ფლანგის შემტევად თამაში ჩემთვის კომფორტული პოზიცია აღმოჩნდა”.
ვარკეთილის საფეხბურთო სკოლაში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, გიორგის მომდევნო ნაბიჯი “ნორჩი დინამოელი” აღმოჩნდა, სადაც გოჩა ხიტირის გუნდში მხოლოდ ერთი წელი დაჰყო. 9 წლისას კიდევ ერთი გამოწვევა ელოდა – “საბურთალოს” აკადემია და მოგვიანებით უკვე ეროვნული ჩემპიონატი.
“საბურთალომ” ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. დავით ხიტირი (გოჩას ვაჟი) განსაკუთრებით მეხმარებოდა, რომ როგორც ფეხბურთელს სწორი გზით მევლო. “საბურთალოს დუბლებში” თამაშისას კი გიორგი ჭელიძემ ხელი შეუწყო იმას, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და მისი დახმარებით საფეხბურთო კლუბ “თელავში” მოვხვდი”.
ახალგაზრდული ნაკრები
გარემარბის პოზიცია დღევანდელ ფეხბურთში ყველას ინტერესს იწვევს. ფეხბურთელი, რომელსაც ეს პოზიცია აბარია, საგოლე გადაცემებითა თუ გოლებით უმალ ქომაგების ყურადღების ცენტრში ექცევა.
გიორგიმ საქართველოს ეროვნულ ლიგაში 40 შეხვედრა ჩაატარა. ბათუმის “დინამოში” იძულებითი ხანგრძლივი პაუზა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მიღმა დარჩენილიყო.
“ის, რომ კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა და სათადარიგოთა სკაზე ვიჯექი, გამოიწვია ჩემი დატოვება გაფართოებული სიის მიღმა, – იხსენებს გიორგი, – რამაზი ღირსეულად მოიქცა, თავად დამირეკა და ამიხსნა, თუ რატომ ვერ გამომიძახებდა. ამხელა კონკურენციაში, ლოგიკურია რომ უთამაშებელი ფეხბურთელი ვერ მოვხვდებოდი. მწვრთნელის გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდე. თან ამ დროს ბათუმში ბოლო შეხვედრებში გუნდის განაცხადშიც ვერ ვხვდებოდი”.
თუ რატომ იყო 6 თვე გიორგი გაჩერებული და უთამაშებელი, ეს საინტერესო კითხვაა. თავად აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობას არ უჩიოდა და ალბათ კლუბის მწვრთნელმა უკეთ იცის ამის მიზეზი. ფაქტია, რომ ხშირად პირად ინტერესებს ახალგაზრდების საფეხბურთო მომავალი ეწირება. საბედნიეროდ, გიორგი იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებული აღმოჩნდა.
გზა ოცნებებისკენ
“მე რომ დღეს აქ ვარ, მამუკა ჯუღელისა და ნუკრი რევიშვილის დამსახურებაა, – მიხსნის გიორგი. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ჩემპიონატი გამოვტოვე და უთამაშებელობის პრაქტიკა მქონდა, ის, რომ დღეს აქ ვარ, ეს მხოლოდ მათი წყალობით მოხდა. “ფროზინონეს” დაინტერესება მანამდეც იყო, თუმცა როდესაც სკამზე ჯდომა ხანგრძლივად მომიწია, მათი მხრიდან ინტერესიც ნელდებოდა.
როცა კლუბი ხედავს, რომ 20 წლის ბიჭს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ძალიან რთულია, ის სერია A-ში მოხვდეს და, მით უმეტეს, საქართველოდან. მამუკამ და ნუკრიმ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ტრანსფერი განხორციელებულიყო. ბათუმში ვიყავი, როცა დამირეკს და მითხრეს რომ სამედიცინო შემოწმების გასავლელად მიბარებდნენ. უსაზღვრო სიხარული იყო ამის მოსმენა”.
ასე აღმოჩნდა ქართველი გარემარბი იტალიურ საფეხბურთო სამყაროში, სადაც მას მისცეს შანსი, რომ დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები იმაში, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს – ფეხბურთი.
“ჩამოვედი, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე, კონტრაქტს ხელი მოვაწერე და ორ დღეში საქართველოში ვიზის ასაღებად დავბრუნდი. ამასობაში, “ფროზინონეს” შეკრება ახალი დაწყებული ჰქონდა და მეც გუნდს შევუერთდი”.
ჩოჩარელი კვარა
გიორგი კვერნაძის იტალიაში გადასვლის გამოცხადებამ საქართველოში ყველა გააოცა. გამოსყიდვის პრინციპით ერთწლიანი იჯარით უთამაშებელი ქართველი ფეხბურთელის სერია A-ში მოხვედრა ფანტასტიკის ჟანრს ჰგავდა. იტალიაში მას უკვე მეტსახელიც აქვს – “ჩოჩარელი კვარა”. ადგილობრივი ჟურნალისტები იმედოვნებენ, რომ გიორგი მათ მოლოდინებს აუცილებლად გაამართლებს.
გასულ წელს ფაბიო გროსომ ჩოჩარული კლუბი სერია B-დან უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. 2023/24 წლების სეზონის სერია A-ს სადებიუტო წელს კი კლუბის გაწვრთნა ეუსებიო დი ფრანჩესკოს დაევალა. ფაქტია, მწვრთნელი გიორგითი მოხიბლულია, თუმცა კარგად იცის, რომ ბევრი შრომა დასჭირდება სასურველ სათამაშო ფორმამდე მისასვლელად.
“ყველანი ძალიან თბილად დამხვდნენ და გვერდით დამიდგნენ, – აღნიშნავს გიორგი, – ადაპტაციაც მარტივად გავიარე. ერთადერთი პრობლემა იტალიური ენის ბარიერია. მაგრამ იმისთვის, რომ მეგობრული გარემო შეგვექმნა, ინგლისურიც საკმარისი აღმოჩნდა. “ფროზინონე” ახალგაზრდული გუნდია, ბევრი ლეგიონერი ვართ. კარგად ვიცით, რა დონის პროფესიონალია ეუსებიო დი ფრანჩესკო, გარდა ამისა, ის ფეხბურთელებს მეგობრულად უდგება”.
ლოგიკურია, რომ ამ ეტაპზე გიორგის ძირითადის ფეხბურთელად არავინ მოიაზრებდა, მიუხედავად იმისა, რომ მის ტალანტს და პოტენციალს ყველანი ამჩნევდნენ.
“ამდენი ხნის უთამაშებელი ვარ და უცებ, იტალიის ჩემპიონატში მოვხვდი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ორ ჩემპიონატს შორის რამხელა განსხვავებაა?! სპორტსმენის მომზადების ფილოსოფიაც კი რადიკალურად განსხვავდება, ფიზიკური თუ ინდივიდუალური ვარჯიშები, რომ აღარაფერი ვთქვათ ტაქტიკურ-ტექნიკურ მუშაობაზე. ფიზიკურ მომზადებას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. ყველა დეტალს აკვირდებიან, თუ რას და როგორ აკეთებ”.
დებიუტი
ქართველი გარემარბის დებიუტი პირველივე ტურში მოქმედი ჩემპიონის, “ნაპოლის” წინააღმდეგ შედგა. მოლოდინი გვქონდა, რომ ორი ქართველის დაპირისპირებას ვიხილავდით. სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა. გიორგი კი მოედანზე მეორე ნახევარში, 67-ე წუთზე ჯუზეპე კაზოს ნაცვლად მოედანზე შევიდა, როცა “ნაპოლი” 2:1-ს იგებდა.
“გიორგის სათამაშოდ ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ ჩემთვის მან ბევრი გააკეთა”, – მატჩის შემდეგ ეუსებიო დი ფრანჩესკომ ახალგაზრდა ქართველის თამაში პრესკონფერენციაზე შეაფასა ჩემი კითხვის პასუხად, – ხარისხი და ტალანტი აქვს… რამდენჯერმე დრიბლინგიც სცადა. კი, ეს კარგია, მაგრამ არის მომენტი, როცა არ არის საჭირო და ესეც უნდა გაიგოს. ჰქონდა მომენტი, როცა გაჯიუტდა და თავის ჭკუაზე თამაში მოინდომა”.
ამ შეხვედრის შემდეგ გიორგიმ მწვრთნელის შენიშვნები არამც თუ გაითავისა, არამედ, პრაქტიკაში ამჯერად უკვე მეხუთე ტურის შეხვედრაში “სალერნიტანას” წინააღმდეგ გვაჩვენა.
“ნაპოლისთან” შეხვედრამდე იტალიის თასზე ვითამაშე, – გიორგის დებიუტის გახსენება ვთხოვე, – მქონდა მოლოდინი, რომ მწვრთნელი პირველივე ტურში მათამაშებდა. სერია A-ში თამაში ჩემი ოცნება იყო. როცა მოქმედ ჩემპიონს ეთამაშები, ეს უკვე ოცნების ახდენის დასაწყისია. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. მოედანზე შევდივარ მხოლოდ იმ სურვილით, რომ თამაშით სიამოვნება მივიღო. შიშის ფაქტორი მით უმეტეს არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა დონის გუნდს ვუპირისპირდები”.
ჩოჩარელი კოლეგები კი ხშირად აღნიშნავენ, რომ გიორგი არის სუფთა თავდამსხმელი, რომ მან დაცვაში თამაში უნდა გააუმჯობესოს…
“რაც აქ გადმოვედი, ვარჯიშებიდან ძალიან ბევრი რამ ავითვისე, – მიხსნის გიორგი, – ნაპოლისთან შეხვედრაში უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე. არასაჭირო დრიბლინგებიც გავაკეთე და ბევრჯერ ამის გამო ბურთიც დავკარგე. გამომდინარე ამ არასწორი მოქმედებიდან, ეუსებიომ ჩათვალა, რომ გავჯიუტდი.
ეს ყველაფერი კი, გამოცდილებასთან ერთად, გამოსწორებადია, თუნდაც დაცვაში თამაში, რომელსაც ჩემგან მოითხოვენ. პირველი ტურის შეხვედრისგან განსხვავებით, შევძელი რომ ამ კონკრეტულ კომპონენტში პროგრესი მქონოდა. უკან, საჭირო დროს ჩასვლა და შემდეგ შეტევაში დაბრუნება არ მიჭირს, მაგრამ ტაქტიკურად გამართულად თამაში დაცვაშიც უნდა გავაუმჯობესო.
ბოლო შეხვედრაში მწვრთნელისგან ნდობაც დავინახე. მოედანზე მაშინ შემიყვანა, როცა ანგარიში 1:1 იყო. ალბათ, გახსოვს, “ნაპოლისთან” შეხვედრაში რამდენჯერ დავკარგე ბურთი. ამ ორ თამაშს თუ შევადარებთ, პროგრესი აშკარაა. “სალერნიტანასთან” ბურთი მხოლოდ ერთხელ დავკარგე და ისიც დავიბრუნე”.
მამლუქები
“ფროზინონე პრიმავერას” (19-წლამდელთა გუნდი) დაცვის ხაზში კიდევ ერთი ქართველი ჰყავს – აკაკი გიუნაშვილი. ქართველი მცველის დებიუტი რამდენიმე დღის წინ “რომას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა.
“მე და აკაკი ერთსა და იმავე საწვრთნელ ბაზაზე ვვარჯიშობთ, – მიყვება გიორგი, – ხშირად ტელეფონითაც ვსაუბრობთ და ასევე ბაზაზეც ვხვდებით ერთმანეთს. ლოგიკურია, რომ ადაპტაციის გასავლელად დრო სჭირდება. რასაც დავაკვირდი, აკაკის თანაგუნდელებთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ეს კი ძალიან კარგია”.
იგივე გვერდით დგომა კი გიორგიმ რამდენიმე თვის წინ ხვიჩა კვარაცხელიასგან მიიღო. კვარამ მას თავისი გამოცდილებაც გაუზიარა.
“ფროზინონეში” გადმოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ხვიჩამ დამირეკა, – ყვება გიორგი, – ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი მომილოცა. თავისი გამოცდილება რჩევების სახით გამიზიარა. ის ძალიან კარგი პიროვნებაა.
კვარა ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა, რომ წინ ჩემი მიზნების განხორციელებისთვის ვიარო. გამაფრთხილა, რომ სერია A-ს მცველები უხეშობით გამოირჩევიან. სასიამოვნო იყოს იმის მოსმენაც, რომ მისი აზრით, ჩემი ტიპის ფეხბურთელს აქაურ ფეხბურთში თამაში არ გაუჭირდება”.
მამუკას ეფექტი
მამუკა ჯუღელი, საფეხბურთო აგენტი, რომელიც, შეიძლება, არ მოგწონდეს თავისებური ხასიათის, საუბრის მანერისა თუ სტილის გამო. წლების განმავლობაში მისი “სიყვარული” რუსეთისა და რუსულენოვანი ქვეყნების მიმართ განხილვის საგანი იყო.
თავადაც არაერთგზის აღნიშნა, რომ რუსულ ენას ფლობს და ამ ქვეყნებში ბევრი ნაცნობიც ჰყავს. თუმცა კვარას “ნაპოლიში” გადასვლამ და შემდეგ უკვე მომდევნო ნაბიჯებმა დაგვანახა, რომ იმერელი კაცისთვის ევროპული ფეხბურთი და ევროპული მენტალობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დანარჩენი საქართველოსთვის.
“მიმაჩნია, რომ კვარას და მის ფანტასტიკურ თამაშს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს აქ ვარ,” – აღნიშნავს გიორგი. მამუკა ჯუღელი და ნუკრი რევიშვილი კი ის ხალხია, რომელთაც მისი ოცნება რეალობად აქციეს.
“ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ მე აქ ყოფნა დამემსახურებინა. თუ გავიხსენებთ, რომ ექვსი თვე უთამაშებელი ვიყავი, ვერც ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდი… მათ კი მე ოცნებას მიმაახლოვეს. მამუკასთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს. თამაშის შემდეგ ერთად განვიხილავთ, თუ სად დავუშვი შეცდომა და როგორ გამოვასწორო”.
ოცნებები ხდება
1 ოქტომბერს გიორგი კვერნაძის “ფროზინონე” “ოლიმპიკოზე” ჟოზე მოურინიოს “რომას” შეხვდება. ვისურვებდი, რომ ეუსებიო დი ფრანჩესკომ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში გიორგის თამაშის უფლება მისცეს.
“ოლიმპიკოზე” მას ჯადოსნური ქომაგობა და საოცარი ატმოსფერო ელოდება. რომ არაფერი ვთქვათ რომაელთა უხეშ დაცვის ხაზზე, რომელიც საკუთარ კედლებში მოედნის ერთ მეტრსაც არავის უთმობენ: “ჩემი მიზანია, შეცვლაზე სტაბილურად შევიდე და შემდეგ ძირითადშიც მოვხვდე. დიდი შრომით ამას შევძლებ. გათავისებული მაქვს, თუ სად ვარ და რომ უცებ ძირითადში ვერ მოვხვდები. აქ ყველაფერი თავიდან უნდა ისწავლო და დაამტკიცო, რომ შენ ამის ღირსი ხარ”.
ამასობაში, დი ფრანჩესკოს “ფროზინონე” გაჩერებას სულაც არ აპირებს. მათი დებიუტი იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ ამ რიტმით თუ გააგრძელებენ, სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონას დიდი მანძილითაც დაშორდებიან.
“ყველანი ოპტიმისტურად ვართ. გვჯერა, რომ არ გავვარდებით და ცხრილის შუაში დავრჩებით, – მიხსნის გიორგი, – ძალიან კარგი დასაწყისია, რასაც ჩვენგან არავინ მოელოდა. სეზონის ბოლოს დამიტოვებენ თუ არა, ყველაფერი ჩემს მონდომებაზეა დამოკიდებული”.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings