„ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენისთვის. შეკრების დაწყების პირველ დღეს ბიჭებს ვუთხარი – იტალიასთან მოგებით თქვენ თამასა მაღლა აწიეთ, ახლა იფიქრეთ იმაზე, რომ ის კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ“ – განაცხადა უელსთან 13:12 მოგების შემდეგ ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა:
„ძლიერი გუნდები თავიდანვე ცდილობენ ეფექტის მოხდენას და ქულების აღებას. ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება, თუმცა ჩვენი გეგმა იყო, რომ საწყის წუთებზე თავად მოგვეხდინა ეფექტი და ეს გამოგვივიდა კიდეც. დებიუტშივე შეგვეძლო ლელოს გატანა, ავიღეთ პირველი ქულები, მაგრამ დაშვებული შეცდომების შემდეგ მდევრის როლში აღმოვჩნდით. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ჩვენი გეგმის მიმართ რწმენა ბოლომდე შეინარჩუნეს“.
„პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშში მცირე სხვაობა იყო რამაც მოგვცა მოტივაცია და შესაძლებლობა. ჩვენ დაველოდეთ საკუთარ შანსებს და ეს შანსები მივიღეთ კიდეც. დიდი ძალა შემოიტანეს შეცვლაზე შემოსულმა ბიჭებმა. მეტოქე მთელ რიგ კომპონენტებში დავჩაგრეთ და შეცდომები დავაშვებინეთ. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ალბათ კიდევ ერთხელ დავწერეთ ისტორია!“.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, კარდიფში, ლეგენდარულ „ფრინციფალითიზე“ უელსის 13:12 დამარცხების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ უელსი დაამარცხა. ასევე, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბორჯღალოსნებმა ტიერ1-ის გუნდს სტუმრად მოუგეს:
„დიდი მადლობა ამ მშვენიერი დღისთვის. მადლობა უელსის ნაკრებს. ჩვენ ეს მთელი ცხოვრება გვემახსოვრება. ჩვენ ვართ დიდი ისტორიის მქონე პატარა ქვეყანა, რომელიც ძალიან რთულ რეგიონში მდებარეობს. დღევანდელი დღე კი სწორედ იმის დადასტურებაა, რომ ისტორიულად ჩვენ ამ ოჯახის ნაწილი ვართ. ყველას გთხოვთ, მოგვეცით საშუალება, რომ ასეთი მაღალი დონის თამაშები ასეთ ატმოსფეროში ჩავატაროთ, რომ რაგბის განვითარებაში ერთად შევიტანოთ წვლილი“.
„უელსელმა ბიჭებმა თამაში წააგეს, მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენს მორაგბეებს გადაეხვივნენ და გამარჯვება მოულოცეს. მთელი მსოფლიო ასე უნდა იქცეოდეს. თამაშის დასრულების შემედგ, ჩემი კოლეგა იღიმოდა და გვილოცავდა. ეს არის სწორედ ის, რაც თანამედროვე სამყაროს სჭირდება. საქართველოს სურს, რომ დაამტკიცოს – ჩვენ ისტორიულად შეგვიძლია კარგი თამაში და სიხარულის ყველასთან ერთად გაზიარება“ – აღნიშნა იოსებ ტყემალაძემ.
GIPHY App Key not set. Please check settings