in

გახურება იტალიამდე: ბორჯღალოსნებმა ოლ ბლექსთან ტესტი წააგეს

ბორჯღალოსნებმა შემოდგომის სანაკრებო სეზონი ოლ ბლექს XV-თან ამხანაგური მატჩით გახსნა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გაიმართა და მეტოქის გამარჯვებით დასრულდა – 31:13.

ეს იყო პირველი თამაში ახალი ზელანდიის გუნდთან მსოფლიო თასს მიღმა. მართალია ამ ეტაპზე ოლ ბლექსის მეორე გუნდს შევხვდით, თუმცა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ის ჩვენი გუნდისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. მთავარი ისაა, რომ ნოემბრის უმნიშვნელოვანეს ტესტ-მატჩამდე, რომელსაც 17 ნოემბერს იტალიასთან გენუაში გავმართავთ, ჩვენმა გუნდმა მაღალი დონის მეტოქესთან სათამაშო გამოცდილება შეიძინა და რიჩარდ ქოქრილსაც შესაბამისი დასკვნების გამოსატანად ერთი კვირა ექნება.

ოლ ბლექს XV-თან თამაში სანიშანსვეტო აღმოჩნდა ფრთა სანდრო თოდუასთვის, რომელმაც 115-ე კეპი მოიხვეჭა, ამ მაჩვენებლით მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება და ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით მეორე ადგილზე აინაცვლა. ასევე აღსანიშნავია ვასილ ლობჟანიძის დებიუტი გუნდის კაპიტნის რაგნში. ის ბორჯღალოსნების 35-წლიან ისტორიაში გუნდის 35-ე კაპიტანი გახდა!

კარგი დასაწყისი

უკვე უსიამოვნო წესად იქცა, რომ ნებისმიერი სეზონის პირველ თამაშს ჩვენი გუნდი სასურველ დონეზე ვერ ატარებს. ოლ ბლექს XV-თან თამაშში ბორჯღალოსნებმა მრავლად დაუშვეს შეცდომები. სამწუხაროდ, დავთმეთ რამდენიმე დერეფანი, მათ შორის მეტოქის 22-ში, აგვიანებდა მიყოლა, მეტოქე მძლავრობდა რაქებსა და კონტაქტის არეში. ჩვენს გუნდს უპირატესობა ქონდა შერკინებაში და რამდენჯერმე ზელანდიელები დააჯარიმა, თუმცა მისი სათანადოდ გამოყენება ვერ მოხერხდა.

მატჩის დებიუტი საქართველოსი იყო. დავით ნინიაშვილის გარღვევის შემდეგ ბურთი წინ თამაშის გამო დაიკარგა. ის შერკინებაში მოპოვებული ჯარიმით დავიბრუნეთ და მეტოქის 22-ში შევედით. მოლით წინსვლა ვერ მოხერხდა, რამდენიმე ფაზის შემდეგ კი მეტოქეზე წინთამაში დაფიქსირდა. შერკინებიდან თორნიკე კახოიძემ შეუტია, რასაც ფრთაზე ფეხით გადაკიდება მოყვა, მაგრამ საჰაერო ორთაბრძოლა ვერ მოვიგეთ. სამაგიეროდ დაგვიბრუნდა ჯარიმის უპირატესობა, რომელიც გავათამაშეთ და რამდენიმე მიძალების შემდეგ ვანო კარკაძემ ბურთი ლელოს მიაწვდინა, ლუკა მატკავამ კი გარდასახა.

ეს იყო მოთმინებისა და თანმიმდევრული მოქმედებების შედეგი, მაგრამ მეტოქემ მალევე გვიპასუხა – დერეფნის შემდეგ ბურთი მოკლე ფრთაზე კვაჭს დაუბრუნდა, რომლის შეჩერება აკა ტაბუცაძემ და ლობჟანიძემ ერთობლივი ბოჭვით ვერ მოახერხა. რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტი იყო. ამას სამხრეთელთა კიდევ ერთი სახიფათო იერიში მოყვა და ზედ ლელოს ხაზთან კარგად ილია სპანდერაშვილმა ითამაშა.

25-ე წუთზე ზელანდიელებმა თამაში ააჩქარეს, ორჯერ სწრაფად შეცვალეს შეტევის მიმართულება და მარჯვენა ფრთაზე ლელო გაიტანეს. საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო, რომელმაც რაქში წესების დარღვევა შენიშნა (არასწორი გადაყრა), მაგრამ მსაჯმა მისი მითითება არ გაითვალისწინა. სამ წუთში მეტოქე დაჯარიმდა, მატკავამ 40 მეტრიდან კარში ზუსტად დაარტყა და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა.

ტაიმის დასკვნითი წუთები კაცნაკლულებმა გავატარეთ. ყვითელი ბარათი ვასილ ლობჟანიძემ მიიღო, ოლ ბლექს XV-მა მოლით შეგვიტია, რომლის შეჩერება მოვახერხეთ, მაგრამ ბურთი ქრისთიმ აიტაცა და იქვე ლელოში დაამიწა. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე ზელანდიელებმა ჩვეულ სტილში შეუტიეს და თითქოს ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მცველებმა წითელ ზონაში შემტევის შებოჭვა მოახერხეს.

ტაიმის ბოლოს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა ქონდა. თორნიკე ჯალაღონიამ ბურთი ჩვენს 22-ში დანიშნული შერკინებიდან წაიღო და დიდი მანძილი მოიგო. ამას რამდენიმე ფაზა და ჯარიმა მოყვა, რომელიც მატკავამ მეტოქის 22-ში, დერეფანში გადაიტანა და იქიდან კარგი შეტევა გაიშალა. სპანდერაშვილის მიძალების შემდეგ გიორგი კვესელაძემ ბურთი ლელოში ფეხით შეიცურა და მიყვა. ლელო თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი ვიდეო-რეფერისთან გადაამოწმა, არც ლელო ჩათვალა ვერც კინი ნაჰოლოზე დააფიქსირა წესების დარღვევა. სამაგიეროდ დაგვიბრუნდა ჯარიმა, რომელიც მატკავამ 3 ქულად აქცია – 13:19.

არჩათვლილი ლელო

მეორე ტაიმი ზელანდიელების შეტევებით დაიწყო და მალევე 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი ლელოთი დასრულდა. 48-ე წუთზე ჩვენს 22-ში დაშვებული შეცდომის შემდეგ მეტოქემ კიდევ ერთი შანსი მიიღო, ძალისმიერ სტილში შემოგვიტია და რამდენიმე ფაზის შემდეგ ბურთი წინ დაუვარდა.

ამის შემდეგ იყო მონაკვეთი, რომლელსაც შეეძლო თამაშის სურათი შეეცვალა, მაგრამ ჯერ ჩვენი დერეფანი წავაგეთ მეტოქის 22-ში, მერე კი კარგი შეტევის შემდეგ ბურთი ზედ ლელოს ხაზთან დაიკარგა. მიუხედავად ამისა ბურთს ბორჯღალოსნები აკონტროლებდნენ, ისინი მესამედ შევიდნენ ზელანდიელთა 22-ში და 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლის შემდეგ ლუკა ნიორაძემ ძალისმიერი ლელო გაიტანა. მატკავას გარდასახვა ზუსტი იყო, თუმცა საქმეში კვლავ ვიდეო-რეფერი ჩაერთო, ლელომდე მოლში წესების დარღვევა დააფიქსირა და 7 ქულა გამოგვაკლდა…

დასკვნით წუთებში ოლ ბლექს XV-მა კიდევ ერთხელ ისარგებლა ჩვენი შეცდომით, 22-ში დაბრუნდა და მოლის შემდეგ გატანილი ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 13:31.

2024 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩები
10 ნოემბერი. მონპელიე (საფრანგეთი). GGL Stadium

საქართველო – ოლ ბლექს XV 13:31 (13:19)

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. სანდრო ქუნთელია, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. გიორგი ახალაძე, 18. ირაკლი აფციაური, 19. ლაშა ჯაიანი, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. თენგიზ პერანიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. დემურ თაფლაძე.

1 ლელო: კარკაძე
1 გარდასახვა: მატკავა
2 ჯარიმა: მატკავა
1 სინბინი: ლობჟანიძე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბითაძის მეორე ორმაგი დუბლი და ორლანდოს ზედიზედ მეორე გამარჯვება

ბუდუმ ისევ გაიტანა, მაგრამ კარლსრუემ ბოლო წამს გამარჯვება დაკარგა