ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა და თან როგორი სუპერდუელით. ტურნირის ორი ფავორიტი ერთმანეთს დაეჯახა. ლიგის მოგების დაუშრეტელი წყურვილით სავსე პსჟ გამოცდილ „ბაიერნს“ პირველ მატჩში შინ დაეჭიდა და არაფერიც არ გამოუვიდა – 0:1.
ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე ყოფილი გუნდის კარში კინგსლი კომანმა გაიტანა ალფონსო დევისის პასით.
პირველ ტაიმში პსჟ-ს ერთი დარტყმაც არ ჰქონია, რაც პირველად მოხდა 2016 წლის შემდეგ. პირველ ტაიმში გერმანელებს დარტყმებში 9:1 ჰქონდათ უპირატესობა.
მასპინძლების რიგებში 57-ე წუთზე შევიდა მოედანზე კილიან მბაპე და 82-ე წუთზე გოლი გაიტანა, რომელიც თამაშგარის გამო არ ჩათვალეს.
92-ე წუთზე ორი ყვითელი ბარათის გამო „ბაიერნის“ ფრანგი მცველი ბენჟამენ პავარი გააძევეს.
განმეორებითი შეხვედრა 8 მარტს მიუნხენში გაიმართება.
პსჟ – ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 კომანი (53)
პსჟ: დონარუმა – ჰაკიმი (46. კიმპემბე), რამოსი, მარკინიოსი, მენდეში – ზაირ-ემერი (57. ფაბიან რუისი), პერეირა (75. ვიტინია), ვერატი, სოლერი (57. მბაპე) – მესი, ნეიმარი
ბაიერნი: ზომერი – პავარი, დე ლიხტი, უპამეკანო – სანე (90. სტანიშიჩი), კიმიხი, გორეტცკა, კანსელო (46. ა. დევისი) – მუსიალა (87. გრავენბერხი), კომანი (76. გნაბრი) – შუპო-მოტინგი (76. მიულერი)
გაძევება: პავარი (90+2. ბაიერნი)
„ბაიერნი“ ზედიზედ 20 მატჩია არ აგებს – 16 მოგება და 4 ფრე.
„ბაიერნმა“ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე შვიდიდან შვიდი მატჩი მოიგო ბურთების შეფარდებით – 19:2.
პსჟ-მ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, რაც პირველად მოხდა 2020 წლის შემდეგ.
პსჟ-ს ნახევარმცველი უორენ ზაირ-ემერი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (16 წლისა და 343 დღის) გახდა, ვინც ამ ტურნირის მატჩის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.
მესის არცერთი შედეგიანი მოქმედება არ აქვს ლიგის პლეი-ოფის 3 მატჩში პსჟ-ს რიგებში.
მესიმ და ნეიმარმა 10 ბალიდან 4 მიიღეს. ამაზე ნაკლები არცერთს არ აქვს.
ნაგელსმანი: „გამიკვირდა პსჟ ასეთი პასიური რომ იყო. საერთოდ არ აპირებდნენ ბურთის წართმევას“.
გალტიე: „ბაიერნმა“ დაიმსახურა გოლი კარგი 60 წუთისთვის. შემდეგი 25 წუთი პსჟ ჯობდა. პირველ ტაიმში კუთხეში მოგვიმწყვდიეს. მბაპეს გამოსვლის შემდეგ კი გადავეწყვეთ და მეტოქეზე ზეწოლა განვახორციელეთ“.
კილიან მბაპე: „პსჟ-მ ბოლოსკენ დაინახა, რომ შეუძლია „ბაიერნს“ პრობლემები შეუქმნას. ქამბექის შესაძლებლობა არის, მთავარია ყველა ჯანმრთელად იყოს“.
9 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში დაბრუნდა „მილანი“ და 1/8 ფინალის პირველ მატჩში შინ 1:0 მოუგო „ტოტენჰემს“.
ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე ნახევარმცველმა ბრაიმ დიასმა გაიტანა.
განმეორებითი შეხვედრა ლონდონში 8 მარტს გაიმართება.
მილანი – ტოტენჰემი 1:0
გოლი: 1:0 დიასი (7)
მილანი: ტატარუშანუ – კალულუ, კაიერი, ტიავი – სელემეკერსი (77. მესიაში), კრუნიჩი, ტონალი (86. პობეგა), ერნანდესი – დიასი (77. დე კეტელერი), ლეაო (90+1. რებიჩი) – ჟირუ
ტოტენჰემი: ფოსტერი – ლენგლე (81. ბ. დევისი), დაიერი, რომერო – ემერსონ როიალი, სკიპი, სარი, პერიშიჩი – კულუშევსკი (70. რიჩარლისონი), სონი (81. დანჯუმა) – კეინი
“მილანმა” ისტორიაში “ტოტენჰემს” პირველად მოუგო. აქამდე იყო 2 ფრე და 4 წაგება.
პიოლი: „საუკეთესო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ჩემს კარიერაში. სამწუხაროა, რომ „მილანმა“ მეორე გოლი ვერ გაიტანა“.
GIPHY App Key not set. Please check settings