საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთანაც წააგო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნით შეხვედრაში. თამაშის შემდეგ ისაუბრა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
ვილი სანიოლი:
„რა თქმა უნდა, წაგების შემდეგ ყოველთვის ნეგატიურად ხარ განწყობილი. თუმცა, როდესაც ამ თამაშის სტატისტიკას ნახავთ, გაკვირვებულები ვიკითხავთ, თუ როგორ წავაგეთ ეს მატჩი. ბურთის ფლობის დაახლოებით 80-პროცენტიანი მაჩვენებელი გვქონდა. ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით, მეტოქე კი ორჯერ აღმოჩნდა ჩვენს საჯარიმოში და ორი გოლი გაიტანა. თუმცა, ეს რომ ხდება, პრობლემაა და ამის მოგვარებაზე უნდა ვიმუშაოთ.
ბოლო სამი თვე იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ველოდი. თამაშიდან თამაშამდე ფეხბურთელებს ვცვლით, თუმცა მაინც ვუშვებთ ისეთ შეცდომებს, რაც ასეთ მაღალ დონეზე უპატიებელია. თუმცა ვფიქრობ, რომ პრობლემა უფრო გლობალურია – როგორც ადრე აღვნიშნე, ყველანი კომფორტის ზონაში მოვექეცით, საიდანაც რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეთ. უფრო მეტი იმედგაცრუება გველის, თუ ჩვენს მენტალიტეტს არ შევიცვლით. შეცდომები, მათ შორის ამ მიდგომის ბრალია და ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ.
ვიცოდით, რომ ჯგუფში, სადაც ესპანეთი და თურქეთია, ძალიან რთული იქნებოდა ჩვენთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავნებებულიყავით. ერთი წლის წინ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და მას შემდეგ გუნდის თითოეული წევრი რაღაცას ვაკლებთ. ბევრი ინდივიდუალური შეცდომა გვქონდა, რაც ძვირად დაგვიჯდა. საკმარისად არ ვიბრძოლეთ და ეს სულისკვეთება მარტში, ივნისში და მომდევნო ერთა ლიგაზე უნდა დავიბრუნოთ”.



GIPHY App Key not set. Please check settings