საქართველოს ნაკრები დღეს ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპს იწყებს. ნორვეგიის ნაკრები ჰოლანდის გარეშე ჩამოვიდა, თუმცა მას ზურგს სტატისტიკა უმაგრებს – საქართველოს რამდენჯერაც ეთამაშნენ, იმდენჯერ მოუგეს.
თუმცა კონკრეტულად ამ შეხვედრაში საქართველოსაც აქვს უპირატესობა: მეტოქეს არ ჰყავს მომგები ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი და პლუს ორი რთული გასვლითი მატჩი მოუწია, როდესაც საქართველო დასვენებულია.
სწორედ გადაღლილობაზე ამახვილებს ყურადღებას შვედეთის „მალმიოს“ ამჟამინდელი და ნორვეგიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი აგე ჰარეიდე. მან განაცხადა, რომ მისი თანამემამულეები ქართველებთან შედარებით არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.
მისი თქმით, ნორვეგიელები ძალებს ბოლომდე ვერ აღიდგენენ, ხოლო ქართველები ამას არ საჭიროებენ და ტურნირის ორი მძიმე გასვლითი შეხვედრით დაწყება უსამართლოა.
ნორვეგიას მალაგადან ბათუმამდე ჩარტერული რეისით 5 საათზე მეტი ფრენა მოუწია, ღამე 23:45 საათზე ჩაფრინდნენ, ისედაც გადაღლილი ფეხბურთელები კიდევ უფრო გადაიღალნენ და ეს მაშინ, როდესაც მეტოქე პირველ ტურში ისვენებდა და სარეზერვო შემადგენლობით სუსტ მონღოლეთს ეთამაშა.
თუმცა სექტემბერში საქართველოს ნაკრებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, როდესაც ჯერ ესპანეთს უნდა უმასპინძლოს, სამ დღეში კი ოსლოში ითამაშოს.
ორიან ნილანდი (მეკარე):
“მომდევნო ხუთი მატჩიდან ოთხს შინ ჩავატარებთ. ასე რომ, ყველაფერი წესრიგშია. კალენდარს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ და ეს არის მიზანი“.
ნორვეგიული პრესა კი ცხადია განსაკუთრებულ ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას უთმობს.
„ნაპოლის“ გმირი არის ის, ვისაც შეუძლია გაანადგუროს ნორვეგიის იმედები. კვარაცხელია სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაში გამორჩეულად თამაშობს.
ხვიჩა კვარაცხელიაა მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც საქართველოს ნაკრები ძალიან საშიშ მეტოქედ მიიჩნევა“.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ნორვეგიის მოგების პროცენტი ერლინგ ჰოლანდთან ერთად თითქმის 62%-ია, მის გარეშე კი – 22%. ამის გამო პროგნოზირებენ, რომ საქართველოს ნაკრები ამ მატჩს მოიგებს ან, მინიმუმ, არ წააგებს. თუმცა ბუქმეკერების შეფასებით, ფავორიტი მაინც ნორვეგიაა, ჩვენების მოგებაზე უფრო მაღალი კოეფიციენტია.
დღევანდელ მატჩს ლატვიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი ანდრის ტრეიმანისი იქნება, რომელსაც ჰარალდს გუდერმანისი და ალექსეის სპასიონიკოვსი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯად კი ალექსანდრე გოლუბევი იმუშავებს.
საქართველოს და ნორვეგიას აქამდე სამჯერ უთამაშიათ. 1996 წელს ნორვეგიის ნაკრებმა ამხანაგური მატჩი 1:0 მოიგო, ხოლო ოფიციალურად გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ – ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში.
თბილისში ნორვეგიელებმა 4:1 გვაჯობეს, ოსლოში კი 1:0.
ნორვეგია – საქართველო 1:0
1 სექტემბერი.1996. ოსლო. 9000 მაყურებელი. ამხანაგური მატჩი
1:0 სოლბაკენი (86-პენ)
საქართველო: ზოიძე, კუდინოვი, ცხადაძე, შელია (63. ნ. ლობჟანიძე), კობიაშვილი, გოგიჩაიშვილი, ნემსაძე, რ. არველაძე (67. ცქიტიშვილი), ქეცბაია, ქინქლაძე (67. ჯამარაული), შ. არველაძე (63. ყაველაშვილი)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
საქართველო – ნორვეგია 1:4
28 აპრილი.1999. თბილისი. ბორის პაიჭაძე. 20 000 მაყურებელი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
0:1 შეყილაძე (16-საკ. კარში), 0:2 ფლო (27), 0:3 სულშერი (35), 0:4 ფლო (38), 1:4 ზ. ჯანაშია (58)
საქართველო: ტოგონიძე, დიდავა, წერეთელი, შეყილაძე (46. ზ. ფოფხაძე), კალაძე, რეხვიაშვილი (82. კიკნაძე), ნემსაძე, ქეცბაია (46. დემეტრაძე), ჯამარაული, კობიაშვილი, ზ. ჯანაშია
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
ნორვეგია – საქართველო 1:0
30 მაისი.1999. ოსლო. 2 000 მაყურებელი. ევროპის ჩეპიონატის შესარჩევი მატჩი
1:0 ივერსენი (3)
საქართველო: გვარამაძე, დიდავა (46. ზ. ფოფხაძე), წერეთელი, გუჩუა (52. ჭიჭვეიშვილი), კალაძე, ცქიტიშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია, ყაველაშვილი, დემეტრაძე (76. აშვეთია)
მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი
GIPHY App Key not set. Please check settings