საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მასპინძელ ლატვიასთან მატჩით ჩაერთო და დიდი სხვაობით დამარცხდა – 55:83. ლატვია გახლავთ ნაკრები, რომელმაც გასული მსოფლიოს ჩემპიონატიდან საფრანგეთი და ესპანეთი გამოთიშა და ნახევარფინალში, შესაბამისად, ოლიმპიადაზე გასვლამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. ლატვია მასპინძლობს ერთ-ერთ საკვალიფიკაციო ტურნირს და ოლიმპიადაზე გასვლის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.
საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო ისევ არ ჰყავდა ოპტიმალური შემადგენლობა. გიორგი შერმადინი ნაკრებში არ გახლავთ, თორნიკე შენგელიამ კი ლატვიასთან ვერ ითამაშა. უფრო ზუსტად, ის მწვრთნელმა არ ათამაშა, რადგან ნაკრების კაპიტანი კამერუნთან 26 ივნისს გამართულ ამხანაგურ მატჩში ნატკენმა კუნთმა შეაწუხა. შენგელია სათამაშო ფორმაში ლატვიასთან მატჩისწინა გახურებაზე იყო, თუმცა დისკომფორტი იგრძნო და მწვრთნელებმა მისი მოედანზე გაყვანა არ გარისკეს.
“ექიმებისა და პერსონალურად თოკოს მონდომება, რომ ამ მატჩისთვის მზად ყოფილიყო, ჩემს 33-წლიან სამწვრთნელო კარიერაში უპრეცედენტოა – განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა – ყველა ძალიან ეცადა, ის მწყობრში ყოფილიყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე გადავწყვიტე, რომ არ ეთამაშა”.
შენგელიას გარეშე საქართველოს ნაკრებს დიდი ძალა გამოაკლდა. მიუხედავად ამისა, პირველ პერიოდში ქართველები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. გოგა ბითაძე და გიორგი კორსანტია ფარქვეშ კონკურენტუნარიანად მოქმედებდნენ, უკანა ხაზში რატი ანდრონიკაშვილი და ჯო ტომასონი აქტიურობდნენ. პირველი პერიოდის ბოლო წამზე რიჰარდს ლომაზსმა სამქულიანი ჩააგდო და ლატვიამ 17:13 დაწინაურდა.
მეორე პერიოდში სავსე ტრიბუნებით შეგულიანებულმა ლატვიელებმა მიზანი გაისწორეს და იმ უპირატესობას, რასაც ჩვენს ფარზე მოხსნებით იქმნიდნენ, ზუსტი სამქულიანებიც დაამატეს. ამან უკვე თვალშისაცემი გახადა ლატვიელთა ლიდერობა, რომლებმაც მეორე პერიოდი 28:11 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 21 ქულით (45:24) დაწინაურდნენ.
ნათქვამია, რომელი გუნდიც მესამე პერიოდს იგებს, ის იგებს თამაშსო, მაგრამ ამან სამწუხაროდ, ამ მატჩში არ იმუშავა. საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა იმის ხარჯზე მოიპოვა, რომ მეტოქე პერიმეტრზე მაქსიმალურად შეზღუდა, რითაც შორი სროლების იოლად ჩაგდების საშუალება მოუსპო, ხოლო შეტევაში ორმაგი კოშკის: ბითაძე-მამუკელაშვილის შედეგიანობით იხეირა. ბითაძეს, რომელიც ფარზე დომინანტი იყო, მეორე პერიოდში უკვე 4 ჯარიმა (მათ შორის 1 ტექნიკური) დაუგროვდა. ამის გამო პირწმინდად წაგებულ მეორე პერიოდში ის მოედანზე მცირე დროით იმყოფებოდა და თამაშში დიდი შესვენების შემდეგ ჩაერთო.
ბითაძის იმედად მყოფი მამუკელაშვილი ფარზე გარღვევის ხშირად ახორციელებდა და პერიმეტრიდანაც უტევდა. ამასთან, რატი ანდრონიკაშვილმა მეტოქეს ჩაუჭრა, კონტრშეტევა შედეგიანად დააგვირგვინა და კიდევ რამდენიმე გარღვევა განახორციელა. ყველაფერმა ამან საქართველოს პერიოდი მოაგებინა, ჩამორჩენა კი 11 ქულამდე შემცირდა.
ბოლო პერიოდში ქართველებს ისევ აერიათ საქმეები, რაც ისევ და ისევ პერიმეტრის დაუცველობით მოხდა. საბოლოო ჯამში ლატვიამ 12 სამქულიანი ჩააგდო, ქართველებმა – 4. ამასთან, ლატვია ფარზეც უკეთესი იყო და 9 ბურთით მეტი მოხსნა განახორციელა. ბოლო პერიოდის მიწურულს მასპინძლებმა ქართველებს შეცდომები არ აპატიეს და შეტევაში მაქსიმუმი გამოწურეს – მატჩი მასპინძლებმა 83:55 მოიგეს და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის უმთავრესი კანდიდატები არიან.
3-გუნდიანი ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის. საქართველოსა და ლატვიასთან ერთად ჯგუფში ფილიპინებია, რომელიც 3 ივლისს ლატვიას ეთამაშება, საქართველო კი ისვენებს. სწორედ ფილიპინებია ახლა მთავარი სამიზნე, რომელთან შეხვედრაც ყოფნა-არყოფნის მნიშვნელობას ატარებს: 4 ივლისს ქართველები თუკი მოახერხებენ ფილიპინების დამარცხებას, საკვალიფიკაციო ტურნირის ნახევარფინალში გავლენ.
ლატვიური საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ჯგუფში მონტენეგრო თითქმის მთელი თამაში უგებდა ბრაზილიას, მაგრამ საბოლოოდ 70:79 დამარცხდა. ამ ჯგუფის მეორე მონაწილე კამერუნია, რომლის ყოფაც უშანსოს ჰგავს. ბრაზილიამ მონტენეგროს დამარცხებით პირველობა ფაქტობრივად გაინაღდა და თუკი საქართველო ნახევარფინალში გავიდა, დიდი ალბათობით სწორედ ლათინური ამერიკის წარმომადგენელს შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings