ვაკო ყაზაიშვილმა „ულსან ჰიუნდაისთან“ ერთად სამხრეთ კორეის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. ბოლო შეხვედრაში კი ყაზაიშვილი განაცხადში არ ყოფილა.
„დიდი მადლობა „ულსან ჰიუნდაის“. მინდა, მადლიერება გამოვხატო გულშემატკივრების იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდი”, – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.
ყაზაიშვილი „ულსან ჰიუნდაიში“ 2021 წლიდან თამაშობდა და ორჯერ სამხრეთ კორეის ჩემპიონი გახდა.
ზურიკოს ბორდომ ისევ წააგო, ქოჩორაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა – ლეგიონერები
ბუდუ ზივზივაძეს კარგი პერიოდი აქვს. ქართველმა თავდამსხმელმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და „კარლსრუეს“ როსტოკის „ჰანზასთან“ ქულის გადარჩენაში დაეხმარა.
ჩვენიანი წინა თამაშში დუბლის შესრულების მიუხედავად, კვლავ სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის სტუმრები 2:1-ს იგებდნენ. ბუდუმ 81-ე წუთზე შანსით ისარგებლა, მეტოქის კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა.
ზივზივაძის შეფასება 7.3-ია. მას მიმდინარე სეზონში 4 გოლი დაუგროვდა.
გიორგი მიქაუტაძე კვლავ არ ათამაშეს ამსტერდამის „აიაქსში“, რომელმაც სტუმრად „ნაიმეგენი“ 2:1 დაამარცხა.
პოლონეთში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიასა“ და „რუხს“ 4:4 დასრულდა. კაკაბაძეს მსაჯმა 30-ე წუთზე წითელი ბარათი აჩვენა და მოედანიდან გააძევა, რაც მთელმა გუნდმა გააპროტესტა. ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ ქართველი მცველი თავდამსხმელს რეალურად არ შეხებია და უსამართლოდ გააძევეს.
ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ გასვლაზე „ლინცთან“ ქულა (1:1) მოიპოვა, იმის მიუხედავად, რომ 56-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. კიტეიშვილის შეფასება 6.9-ია.
უკრაინის პრემიერლიგაში ქართველების გუნდების დაპირისპირება შედგა: გიორგი გოჩოლეიშვილის და ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ ბექა ვაჩიბერაძის „მეტალისტი 1925“-მა 2:0 დაამარცხა. დონეცკელთა რიგებში ორივე ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
კვიპროსის ჩემპიონატში გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა და „აპოელს“ „დოქსას“ დამარცხებაში (5:0) დაეხმარა.
არ უთამაშია ლაშა დვალს, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, მაგრამ ჯერ ფორმაში შედის. გიორგი ქვილითაია მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა, 90+4-ე წუთზე ეფექტურად, მაკრატელათი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ბრატისლავას „სლოვანმა“ „რუჟომბეროკს“ უმასპინძლა და მოულოდნელად ქულები დაკარგა -2:2. კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, კაშია კი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა. ჯაბას მაღალი ქულა 7.6 დაუწერეს, კაშიას – 6.3.
GIPHY App Key not set. Please check settings