ისედაც ცნობილი იყო, რომ ფრანგულმა „ბორდომ“ ზურიკო დავითაშვილი ოფიციალურად გამოისყიდა ბათუმის „დინამოდან“. თუმცა რატომღაც ამას თავად კლუბი არ ასაჯაროებდა და ახლა თავის გვერდზე საკმაოდ ვრცლად დაწერა – ზურიკო 2027 წლამდე ბორდოელია.
„ბორდო“ აცხადებს, რომ დავითაშვილთან კონტრაქტი გაფორმდა. კლუბმა გამოიყენა ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობა და მასთან კონტრაქტი 4 წლით გააფორმა.
ფრანგულ კლუბს ქართველის გამოსყიდვა 1,25 მილიონი ევრო დაუჯდა.
დავითაშვილი მცირე ხნით თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, ამის შემდეგ რუსეთში წავიდა და ყაზანის „რუბინში“, ვოლგოგრადის „როტორსა“ და ტულის „არსენალში“ გამოდიოდა.
2022 წლის აპრილში ზურიკო საქართველოში დაბრუნდა და ნახევარი სეზონი ბათუმის „დინამოში“ გაატარა.
რაც შეეხება „ბორდოს“, ზურიკო საფრანგეთში 2022 წლის აგვისტოს ბოლოს ჩავიდა. ყველა ტურნირზე 31 მატჩში ითამაშა (ლიგა 2-ში 29 მატჩი), 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. რამდენჯერმე დასახელდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
მოგეხსენებათ, ამჟამად დავითაშვილი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს და ბოლოს ნიდერლანდებს საუცხოო გოლიც გაუტანა. ჩვენიანის მიმართ ევროპული კლუბები უკვე გამოხატავენ ინტერესს. ამბობენ, რომ „ბორდომ“ დავითაშვილის ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო, მაგრამ კლუბმა უარი თქვა და შესაძლოა ტრანსფერს მაშინ დათანხმდეს თუ ფინანსურად სასურველი წინადადება იქნება.
Transfermarkt დავითაშვილის ტრანსფერს 2,5 მილიონ ევროდ აფასებს.
GIPHY App Key not set. Please check settings