საქართველომ სომხეთის დიდი სხვაობით დაამარცხა და ჩვენი მეტოქის ახალ მწვრთნელს საფიქრალი გაუჩინა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა 1:6 წაგებული შეხვედრა პრესკონფერენციაზე შეაჯამა.
ჯონ ვან’ტ სხიპი:
„ცუდი შედეგებისა და თამაშის გამო ბოდიშს ვიხდი გულშემატკივრების წინაშე. მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ ჩემი ბოდიშით არაფერი შეიცვლება.
როდესაც ნახევარი საათის შემდეგ 4:0-ს ვაგებდი, მთელი გუნდის შეცვლაც შემეძლო. გადავწყვიტე, რომ ცვლილებები ნახევარდაცვაში გამეკეთებინა, რათა შუა ხაზი უფრო მობილური გამხდარიყო. ამის შემდეგ უკეთ ავთამაშდით , თუმცა ასეთი შედეგიდან გამომდინარე კარგ თამაშზე საუბარი მაინც არ შეიძლება.
ორივე თამაშს გავარჩევთ და გავაანალიზებთ. აუცილებლად დაველაპარაკები სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს და მერე გადაწყდება, რა მოხდება.
როდესაც „აიაქსში“ დავინიშნე, მიქაუტაძე ცუდ ფორმაში იყო, კლუბსაც ფინანსურად არ ულხინდა და როდესაც მისი გაყიდვის საშუალება გაჩნდა, გაუშვეს. მე მასთან სულ 4 კვირა ვიყავი და ვიცოდი, რომ კარგი ფეხბურთელი იყო. მე გიორგისთან პრობლემა არასოდეს მქონია. საბოლოოდ კი მისი გადასვლა ყველასთვის სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა“.
GIPHY App Key not set. Please check settings