საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 ივნისს, ჩვენი გუნდი თბილისში, დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. 8 ივნისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
თბილისში, საქართველო – ფარერის კუნძულების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა თამაშამდე ერთი თვით ადრე, 5 მაისს, ხოლო ქუთაისში დაგეგმილი საქართველო – კაბო-ვერდეს შეხვედრის ბილეთების რეალიზაცია 8 მაისს დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და რეალიზაციას სფფ-ის ახალი პარტნიორი, biletebi.ge უზრუნველყოფს.
ორივე მატჩზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 30, 50 და 70 ლარია. თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. ორივე მატჩის ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.
GIPHY App Key not set. Please check settings