გოგა ბითაძის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ნბა-ში. ორლანდო მეჯიქის ქართველი ცენტრი, რომელმაც ფლორიდული გუნდის ხუთეულში ადგილი ჯერ მოიპოვა და შემდეგ მყარად დაიმკვიდრა, ორმაგი დუბლების მანქანად ჩამოყალიბდა და ხანდახან სამმაგისკენაც იწევს. მართალია, ამჯერად მას 5 შედეგიანი გადაცემა დააკლდა ამ საოცნებო შედეგამდე, თუმცა ასე თუ გააგრძელა, მოვა დრო, გოგა სამმაგ დუბლსაც გაიფორმებს. ამჯერად ის ორმაგ დუბლს “დასჯერდა”, რომელიც ბოლო 9 მატჩში მე-7, ხოლო მიმდინარე სეზონში მე-13 ორმაგი დუბლია მისთვის.
გასული მატჩი ორლანდოელებმა შინ ბრუკლინ ნეთსთან გამართეს და დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში 102:101 მოიგეს. გამარჯვების ბურთი კოულ ენტონიმ ჩააგდო ბოლო წამზე. ორლანდოელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ბითაძეს მიუძღვის, რომელსაც მატჩში საუკეთესო შედეგი ჰქონდა და MVP-ის ტიტულიც დამსახურებულად მიითვალა. სასტარტოში მყოფმა ქართველმა 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი ააცილა, საჯარიმოს ხაზიდან კი 5-ში 3 სროლა ჩააგდო.
ბითაძემ 34 წუთი ითამაშა და 19 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. მან 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. ბოლო პერიოდის წინ მას უკვე 18 ქულა ჰქონდა, თუმცა თავის მონაგარს მხოლოდ 1 ქულა შემატა, მაგრამ 3 ისეთი პასი გასცა, გუნდის გადმოსახედიდან ბურთის ჩაგდების ტოლფასი რომ გახლავთ. მისი მოქმედებით მეჯიქმა ქულები მოიპოვა, უბრალოდ ბითაძის პირად სტატისტიკაში არა ქულები, არამედ პასები ჩაიწერა. ამიტომაც მას საკუთარ პირად რეკორდზე (6) ერთით ნაკლები პასი მოუგროვდა. ის ერთი ქულაც, რომელიც ბოლო პერიოდში ჩააგდო, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. საფინალო სირენამდე 17 წამით ადრე ბითაძე საჯარიმო ხაზზე დადგა, პირველი სროლა ჩააგდო, მეჯიქი 100:99 დააწინაურა და მეორე სამწუხაროდ აუცდა.
ამის შემდეგ ბრუკლინელმა ჯალენ უილსონმა საჯარიმოს ხაზიდან 2 საჯარიმო მიითვალა და სტუმრები დააწინაურა, თუმცა კოულ ენტონიმ შედეგიანი გარღვევით დასრულებამდე 1.1 წამით ადრე გამარჯვების ბურთი ჩააგდო. დარჩენილ დროში ქემ ტომასმა მოასწრო სამქულიანი სროლა, რომელიც კალათში არ ჩაეშვა და ორლანდომ მიმდინარე სეზონში მე-20 გამარჯვება მოიპოვა.
ბითაძეზე მეტი ქულა მხოლოდ ტრისტან და სილვამ ჩააგდო – 21. 13 ქულა ვენდელ კარტერმა მიითვალა. 10 ქულა კი გამარჯვების ბურთის ჩამგდებმა კოულ ენტონიმ. ბრუკლინში 25 ქულით ქემ ტომასი გამოირჩა.
20 მოგებითა და 14 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩს მეჯიქი 2 იანვარს, დეტროიტში, პისტონსთან გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings