ჟან-პოლ ბელმონდო გარდაიცვალა. პოპულარული, საკულტო ფრანგი მსახიობი და ერთ-ერთი სიმბოლო 88 წლის ასაკში წავიდა.
რა შუაშია ბელმონდო და სპორტული საიტი? საქმე ისაა, რომ მას სპორტთან ბევრი რამ აკავშირებდა.
დავიწყოთ იმით, რომ ის მსახიობობას არც გეგმავდა და სურდა ცხოვრება კრივისთვის დაეკავშირებინა. 1949 წლის 10 მაისს პირველი ბრძოლა გამართა სამოყვარულო დონეზე და მეტოქე პირველსავე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო.
სპორტული მონაცემების გამო იყო, რომ ბელმონდო ფილმებში ტრიუკებს თავად ასრულებდა.
1949-50 წლებში ჟან-პოლმა სამი ბრძოლა მოიგო ნოკაუტით და პარიზის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მაგრამ დაუმარცხებელი კარიერა მალე დასრულდა. „მივხვდი, რომ უნდა გავვჩერებულიყავი, როდესაც სახე, რომელსაც სარკეში ვხედავდი, იცვლებოდა“, – უთხრა მსახიობმა New York Times-ს.
კრივის შემდეგ ბელმონდომ მსახიობის კარიერაზე გააკეთა აქცენტი, თუმცა სპორტს არ შეშვებია. ლეგენდამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პსჟ-ს განვითარებაში მისი დაარსების პირველ წლებში.
გარკვეული პერიოდი ბელმონდო კლუბის ვიცე-პრეზიდენტიც კი იყო. თუმცა თანამდებობის დატოვება მოუხდა, რადგან ძირითად საქმიანობასთან შეთავსება რთული აღმოჩნდა.
„ბევრი ფული ჩავდე პსჟ-ში? კი, ბევრი. ვწუხვარ კლუბში მცირე პროცენტი რომ არ შევინარჩუნე“, – იხსენებდა ბელმონდო 2018 წელს. მსახიობი სამუდამოდ დარჩა პსჟ-ს ქომაგად და პერიოდულად კომენტარებსაც არ იშურებდა კლუბში განვითარებულ მოვლენებზე. 2018 წელს მან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ამჟამინდელი ვარსკვლავები ძალიან დიდ თანხებს იღებენ და ძველი დროის ნოსტალგია ჰქონდა, როდესაც ფეხბურთი ნამდვილი ვნება და ღირებულება იყო.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ პსჟ-მდე ჟან-პოლი გატაცებული იყო ფეხბურთით. მისი კუმირი გახლდათ „რასინგის“ მეკარე რენე ვინიალი. ჟან-პოლი მოზარდობისას თავადაც კარში იდგა. თუმცა მარტო ვინიალის გამო არა, არამედ დედამისის გამოც. მან პირდაპირ უთხრა მწვრთნელს: „ჩემი ბიჭი უსარგებლოა მოედანზე. დააყენეთ ის კარში“.
მოგვიანებით ვინიალმა ბელმონდო გაიცნო პიგალის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ კაბარეში – პარიზის წითელი ფარნების კვარტალში. იქ ორივე ხშირად დაიარებოდა.
ბელმონდო დაკავშირებული იყო „ფორმულა 1“-თანაც. ეს უკვე შვილის გამო. პოლი ავტომრბოლელი გახდა და ყველაზე პრესტიჟული რბოლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა ორი წელი. ის ასევე 12 წელი გამოდიოდა „ლე მანის 24 საათში“ და 5-ჯერ დაკარზე. ჟან-პოლი ხშირად დადიოდა ვაჟის წარმატებების სანახავად.
2001 წელს ბელმონდომ ინსულტი გადაიტანა და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა. ის ეკრანებზე 2009 წელს დაბრუნდა თავის ბოლო ფილმში „ადამიანი და მისი ძაღლი“.
GIPHY App Key not set. Please check settings