საქართველოს ნაკრები ხვალ საღამოს თბილისში სომხეთს ეთამაშება და ერევნის პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, თავისი ლიდერი დაუბრუნდება. დღეს, მატჩისწინა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ხვიჩა კვარაცხელიაც მივიდა. აი რა თქვა ჩვენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელმა:
მოტივაცია არ გაგვიჭირდება: სანიოლი ხვალ ისევ ძლიერ შემადგენლობას ათამაშებს
„სომხეთში 3:0-ის მოგება ადვილი არ არის. მიქაუტაძეს ვეჩხუბე, ბომბარდირებში როგორ გამასწარი მეთქი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი ძმებივით ვართ, გოლები ორივეს საქართველოსთვის გაგვაქვს. მე და მიქაუტაძე ერთმანეთს არ ვეჯიბრებით, მთავარია, ნაკრებისთვის ერთად ბევრი გავიტანოთ.
ჩემს ძმას (თორნიკეს) რაც შეეხება, ვითამაშებთ თუ არა ორივე ერთად ნაკრებში? ვუსურვებდი, რომ საამისოდ ბევრი იშრომოს და მიზანს აუცილებლად მიაღწევს. დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული
პსჟ-ში ბედნიერი ვარ, გუნდში კარგი გარემოა. სადაც პატივს გცემენ და თავს კარგად გრძნობ, ეს მოედანზეც მეხმარება. ასევეა საქართველოს ნაკრებშიც.
საბერძნეთთან ისტორიული მატჩის შემდეგ „დინამო არენაზე“ არ გვითამაშია, აქ თამაში კი ყოველთვის დიდი მოტივაციაა.
მადლობას გადავუხდი იტალიას, იქ კარგად მიმიღეს და კარგი სამი წელიწადი გავატარე. ნაკრებში ბევრი მოთამაშეა ტოპ 5 ლიგიდან და დროა საჭირო, რომ ჩვენგან სხვებიც მიიწვიონ.
ქართულ ფეხბურთში ყველაფერი კარგად მიდის, ბევრ ბავშვს უნდა ფეხბურთელობა და ბევრი ტალანტი გამოჩნდება. შესაძლოა, ტალანტებით არგენტინისავით მდიდრები არ ვართ, მაგრამ ბევრი ლეგენდა გვყავს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გვეყოლებიან“.
საქართველო-სომხეთის მატჩი კვირას, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings