საქართველოს ნაკრები ავსტრიულ შეკრებაზე მზადებას განაგრძობს.
პირველი დღის მსგავსად, შეკრების მეორე ვარჯიშშიც 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე. ეროვნულ ნაკრებს სხვა ლეგიონერები მომდევნო დღეებში შეუერთდებიან.
ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ლევან შენგელიამ გააკეთა, რომელიც საბერძნეთთან პლეი-ოფის ფინალურ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა.
ლევან შენგელია (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): “ვემზადებით ავსტრიაში, ძალიან კარგ პირობებში, სადაც შეგვიძლია სრულად ვკონცენტრირდეთ ჩვენს საქმეზე, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ამ ეტაპზე, სრული შემადგენლობით არ ვართ, რადგან ჯერ ყველა ფეხბურთელს არ დაუმთავრებია საკლუბო სეზონი.
გარემო, რომელიც ახლა ეროვნულ ნაკრებშია ყველანაირ საშუალებას გვაძლევს მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის. ბედნიერების მომტანია ემოციები, რომლებიც თან ახლავს ამ პროცესს, რადგან ვემზადებით ისეთი თამაშებისთვის, რაც ქვეყნისთვის პირველად ხდება.
ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ კარგად ვითამაშო და ნაკრების დავეხმარო”.
ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 9 ივნისს, ჩვენი გუნდი ამხანაგურ შეხვედრას მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ, პოდგორიცაში გამართავს.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული.
GIPHY App Key not set. Please check settings